პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი „მოუთმენლობა“ იმით არის განპირობებული, რომ დაწყებული სარეაბილიტაციო პროექტები მოესწროს იმ დროში, „სანამ პოლიტიკაში ვარ ამა თუ იმ ფორმით“.
ეს განცხადება მან წყალტუბოში მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააკეთა, სადაც ამ საკურორტო ქალაქის რეაბილიტაციის პროექტის დაწყება გამოაცხადა და ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სხვა ანალოგიურ პროექტებზეც ისაუბრა.
მაისში, როცა სააკაშვილი წყალტუბოს რეაბილიტაციის გეგმებზე პირველად საუბრობდა, განაცხადა: „მომეცით, დამაცადეთ კიდევ ორი, სამი, ოთხი წელი და ნახეთ თუ არ გავხდი მთელს ევროპაში ყველაზე მაგარ ადგილად“.
„მე მოუთმენელი ადამიანი ვარ და ყველაფერი ეს მინდა მოესწროს იმ დროში სანამ მე თქვენთან ერთად ვარ, სანამ პოლიტიკაში ვარ ამა თუ იმ ფორმით“, – მიმართა მან 14 სექტემბერს წყალტუბოში შეკრებილ მხარდამჭერებს თავის სატელევიზიო გამოსვლაში.
სააკაშვილის მეორე და საბოლოო საპრეზიდენტო ვადა 2013 წელს იწურება; თუმცა მას შეუძლია გახდეს პრემიერ–მინისტრი, რომლის ძალაუფლებაც მნიშვნელოვნად გაიზრდება მას შემდეგ, რაც ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან ახალი კონსტიტუციური ნორმები შევა ძალაში. სააკაშვილი ყოველთვის თავს იკავებდა პრეზიდენტობის შემდგომ გეგმებზე საუბრისგან და თითქმის ყოველთვის არიდებდა თავს პასუხს, როდესაც ეკითხებოდნენ აპირებდა, თუ არა პრემიერ–მინისტრის პოსტის დაკავებას.
მმართველმა პარტიამ პრემიერ–მინისტრობის კანდიდატად მოქმედი პრემიერი ვანო მერაბიშვილი დაასახელა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომლის შემდეგაც არსებულმა მთავრობამ უფლებამოსილება უნდა მოიხსნას და პრეზიდენტმა ახალ პარლამენტს ხელახლა უნდა წარუდგინოს მინისტრთა კაბინეტი ნდობის მოსაპოვებლად.
თუმცა მმართველი პარტია თავს იკავებს იმის დასახელებისაგან, თუ ვინ იქნება მისი პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი 2013 წლის შემდეგ, როცა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვასთან ერთად ახალი კონსტიტუცია შედის ძალაში. ამასთან, 2013 წელს ახალ პრემიერ–მინისტრს ის პარტია წარადგენს, რომელიც პირველ ადგილს აიღებს 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.
14 სექტემბერს სააკაშვილმა ასევე მოუწოდა მხარდამჭერებს, რომ „დავირაზმოთ“ და „მივიყვანოთ ბოლომდე ჩვენი საქმე“.
„ჩვენი მტერი არა რომელიმე პოლიტიკური პარტიაა ან თუნდაც რომელიმე ქვეყანაა– ჩვენ ყველა ქვეყანასთან გვინდა კარგად ვიყოთ“, – განაცხადა მან, "ჩვენი მტერი არის გაჭირვება, ჩვენი მტერი არის უმუშევრობა, ჩვენი მტერი არის უპერსპექტივობა – ჩვენ ფაქტიურად სამივე ამ მტერზე აუცილებლად მოვიპოვებთ გამარჯვებას“.
„ჩვენ სხვა მტერი არ გვჭირდება. დანარჩენი ყველასთან მოვნახავთ საერთო ენას“, – დასძინა სააკაშვილმა.
მან ასევე განაცხადა, რომ თავის მეგობრებთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რომ „ყველა ჩვენი დაპირება ცარიელ სიტყვებად“ არ დარჩეს.
„არც გუშინ დავბადებულვარ და არც შუშის კასრში არ მიცხოვრია, მე კარგად ვიცი დღესაც კი როგორი გაჭირვებაა“, – აღნიშნა სააკაშვილმა.