ივანიშვილი არჩევნების აღიარების წინაპირობებს აყენებს

ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ არჩევნების შედეგების აღიარების ვალდებულებას ექვსი წინაპირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში აიღებს და სპეციალურ მიმართვაში მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას ხელისუფლებას ამ მოთხოვნების შესრულებისკენ მიუთითოს.

30 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა განაცხადა, რომ საკმარისი ალბათობა არსებობს იმისა, რომ ხელისუფლებამ მისი მოთხოვნები არ შეასრულოს და არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში თავისი „რეპრესიული“ ქმედებები არ გამოასწოროს, თუმცა დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა „ჩვენს პოზიციას გაიზიარებს“.

„თუ უკან სვლას გააკეთებენ [ხელისუფლება] და აღადგენენ ნაწილს მაინც ამ დარღვევების, ჩვენ წინასწარ ვაწერთ ხელს, რომ რაც მოხდა დღემდე დავივიწყებთ მას – თუ ახალი კანონდარღვევები არ იქნება, ახალი კრიტიკული მასა არ გაჩნდება მათი ქმედებებით, ჩვენ ნებისმიერ შედეგს ვაღიარებთ  – აი ამას ვამბობთ ჩვენი განცხადებით“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„თუ ხელისუფლება გააგრძელებს და არ დაემორჩილება არც საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებას, ამ არჩევნებს, რა თქმა უნდა, არც ჩვენ ვაღიარებთ და არც საერთაშორისო თანამეგობრობა“, – განაცხადა მან.

„და ასეთ შემთხვევაში წაგებულ არჩევნებზე უარეს შედეგს მიიღებენ", –  განაგრძო ივანიშვილმა, „მათ არ აქვთ რესურსი; შემდგომ რა უნდა მოინდომოს ამან [სააკაშვილმა], კადაფობა? არც შიდა რესურსი, არც გარე რესურსი სააკაშვილს ამის არ გააჩნია. არც ქართული პოლიცია, არც ქართული ჯარი ხალხის წინააღმდეგ არ წავა. ჩვენ, პირადად არავითარ მოწოდებებს დაპირისპირებაზე არ გავაკეთებთ, კანონიერად დავიცავთ ჩვენი ამომრჩევლების ხმებს“. 

მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ კოალიცია სიტუაციის გამწვავებას არ აპირებს არც არჩევნებამდე და არც არჩევნების დღის შემდგომ. „კანონის ფარგლებში, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით ვაიძულებთ მათ, რომ ცნონ რეალური ხალხის ნება“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ნებისმიერ პირობებში „არჩევნებს მაინც მოვიგებთ“.  

საერთაშორისო თანამეგობრობისადმი მიმართვა, რომელსაც კოალიციის ლიდერი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კამპანიის ფარგლებში გამართულ შეკრებებზე აანონსებდა, ივანიშვილმა საქართველოში აკრედიტებული საელჩოების თანამშრომლებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს  30 აგვისტოს, პრესკონფერენციამდე გამართულ შეხვედრაზე გააცნო.

მიმართვის დასაწყისში ის კოალიციისა და უშუალოდ მის წინააღმდეგ ბოლო 10 თვის განმავლობაში გატარებულ „რესპრესიულ“ ღონისძიებებს მიმოიხილავს და აცხადებს, რომ ხელისუფლების ამ ნაბიჯებმა ისეთი საარჩევნო გარემო შექმნა და „იმდენად შეაფერხა კოალიციის საარჩევნო კამპანია, რომ უკვე შეუძლებელია სამართლიან და თავისუფალ არჩევნებზე ლაპარაკი“.

მისი თქმით, კოალიციის მიზანია არჩევნებში გამარჯვება და არა „გაყალბებულ არჩევნებთან ბრძოლა“.

„ვალდებული ვარ განვაცხადო, რომ თუ დღეიდან არჩევნებამდე ხელისუფლების ქმედებებში მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოხდება, საქართველოში ვერ შედგება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, – ნათქვამია მიმართვაში.

ივანიშვილი ექვს მოთხოვნას უყენებს ხელისუფლებას და ამბობს, რომ მათი დაკმაყოფილება "საარჩევნო გარემოს პრინციპულად შეცვლის".

პირველი პუნქტით ივანიშვილი ითხოვს, რომ დაუყოვნებლივ შეჩერდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის  ინიცირებით გამოტანილი ყველა ჯარიმის, ყადაღისა თუ სანქციის აღსრულება, ისე, როგორც ეს მოხდა პარტიებისთვის დაკისრებული ჯარიმის ნაწილში უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციით. ამ რეკომენდაციის საფუძველზე გადაიდო სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება და კოალიციაში შემავალ პარტიებს დროებით მოეხსნათ ყადაღა.

მეორე მოთხოვნის კონკრეტული ადრესატია სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რათა მან „კოალიცია “ქართული ოცნების” შემოსავლებიდან და ხარჯებიდან ამორიცხოს ის თანხები, რომელთა კავშირი კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ პარტიებთან არაფრით არ არის დადასტურებული, გარდა კონტროლის პალატის ვარაუდებისა და მხოლოდ ვარაუდების საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებებისა“.

საქართველოს მთავრობის მიერ 21 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „2011 წლის 1 ნოემბრიდან 2012 წლის 25 ივლისამდე "ქართულმა ოცნებამ" შეაგროვა 44,539,123 ლარი (26 მილიონზე მეტი კანონიერად, ხოლო 18 მილიონზე მეტი – უკანონო შემოწირულობების სახით)“. საქართველოს კანონმდებლობით, საარჩევნო სუბიექტის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2%-ს, რაც 48.4 მლნ ლარს შეადგენს.  

ივანიშვილი აცხადებს, რომ მის საარჩევნო ბლოკს შემოსავლებსა და ხარჯებში "უკანონოდ ჩაეთვალა ათობით მილიონი ლარი", რითაც ნიადაგი მომზადდა „არჩევნების შემდეგ ბლოკის დისკვალიფიკაციისა და პარლამენტში არ შეშვებისათვის“.

მესამე პუნქტში ივანიშვილი მოითხოვს ყველა პირობის შექმნას იმისათვის, რომ ემიგრაციაში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა, რაც, მისი თქმით, საერთო ამომრჩევლის 25%–ს შეადგენს, მოახერხონ არჩევნებში მონაწილეობა, თუნდაც ამისათვის საჭირო გახდეს ხმის მიცემის დღის შეცვლა. საპარლამენტო არჩევნების დღე, 1 ოქტომბერი ორშაბათს ემთხვევა, რაც ზოგიერთი ემიგრანტის თქმით, იმის გამო, რომ სამუშაო დღეა, მათ არჩევნებში მონაწილეობას ხელს შეუშლის.

მეოთხე პუნქტი მოითხოვს დაუყოვნებლივ მოიხსნას ყველა დაბრკოლება კერძო კომპანიების მიერ მოსახლეობაში სატელიტური თეფშების გასავრცელებლად და სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ამომრჩევლის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით დაგეგმილ სხვა პროექტებს. ამ დრომდე ხელისუფლების მიერ დაყადაღებული რჩება „გლობალ–ტვ“–სა და „მაესტროს“ კუთვნილი სატელიტური თეფშები.

მეხუთე პუნქტში კოალიცია მოითხოვს, რომ მისი წარმომადგენელი შევიდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში, ხოლო უშიშროების საბჭოსთან მოქმედმა ამ კომისიამ იმუშაოს „ყოველდღიურ, გამჭვირვალე რეჟიმში და სხვა საკითხებთან ერთად, დაუყოვნებლივ განიხილოს პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეების დევნის (დაპატიმრება, სამსახურიდან გათავისუფლება, შანტაჟი) დღემდე მომხდარი ყველა ფაქტი“.

მოთხოვნათა ბოლო, მეექვსე პუნქტში ნათქვამია, რომ პარტიათა ქცევის იმ წესების დაცვის მონიტორინგისთვის, რომელიც სამოქალაქო კამპანიამ „ეს შენ გეხება“ შეიმუშავა, „შეიქმნას ქმედითი მექანიზმი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით“.

ივანიშვილი აცხადებს, რომ „ერთადერთი ქმედითი მექანიზმი, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი ჯერ კიდევ ანგარიშს უწევს“, საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის პოზიციაა და ამის მაგალითად ევროპის საბჭოსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეების წარმომადგენელთა „მწვავე კრიტიკა“ მოჰყავს, რის შემდეგაც ხელისუფლებამ ზოგიერთ საკითხში, მათ შორის კოალიციაზე დაკისრებული ჯარიმის გადავადებით, „უკან დაიხია“

„არც ერთი ჩვენი მოთხოვნა არ საჭიროებს კონსტიტუციის შეცვლას, არც ერთის შესრულებას არ სჭირდება დიდი დრო. ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ იქნება თქვენი ნება, მიუთითოთ სააკაშვილს და მკაცრად მოსთხოვოთ, შეწყვიტოს  საკუთარ ხალხზე ძალადობა და საარჩევნო გარემო ოდნავ მაინც მიუახლოოს საერთაშორისო სტანდარტებს“, – ნათქვამია ივანიშვილის მიმართვაში.

„ჩვენ და თქვენ ერთი და იგივე არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი – ან დღესვე ერთად ვიღებთ გადამჭრელ ზომებს და უზრუნველვყოფთ არჩევნების სამართლიანობასა და თავისუფლებას, ან ერთი თვის შემდეგ მაინც ერთად მოგვიწევს გაყალბებული არჩევნების შედეგებთან გამკლავება და ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანა“, – მიმართავს ივანიშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას.

მმართველი ნაციონალური მოძრაობიდან დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილმა დღევანდელი განცხადებით საუბარი წამოიწყო არჩევნების არალეგიტიმურობაზე. მისი თქმით, ამ განცხადებაში არაფერი სიახლე არ არის, რადგან ეს მისი დიდი ხნის ტაქტიკაა თავი „მსხვერპლად“ წარმოაჩინოს.  

„სინამდვილეში ჩვენ ვხედავთ, რომ სრული საშუალება აქვთ, რომ ჩაატარონ კამპანია, ჩაატარონ როგორც ხალხმრავალი შეხვედრები, ასევე სოფლებში შეხვედრები, იარონ კარდაკარ, გაავრცელონ თავის მასალები, გასწიონ აგიტაცია, გაავრცელონ ტელე–კლიპები და ა.შ. ანუ ატარებენ ჩვეულებრივ საარჩევნო კამპანიას და ხარჯავენ ამაში საკმაოდ დიდ თანხას ათეულობით მილიონ ლარს. ასე რომ, ყველანაირი საუბარი იმაზე, რომ მათ არ აქვთ საშუალება თავის აზრი მიიტანონ ამომრჩევლამდე, არის აბსურდი“, – განაცხადა გაბაშვილმა.

„მეორეს მხრივ, ეს განცხადება, რა თქმა უნდა, ჩვენ მიგვანიშნებს იმაზე, რომ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ერთგვარი შეგუება ხდება დამარცხებასთან“, – განაგრძო მან, „მათ ძალიან კარგად იციან, რომ არ აქვთ პროგრამა, ძალიან კარგად იციან, რომ არ აქვთ ხედვა, ძალიან კარგად იციან,  რომ მათი არაპატრიოტული გამონათქვამები ნამდვილად ვერ მოიპოვებს მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და ახლა ცდილობენ, აი ეს წინასწარი განცდა მათი მარცხისა, გაამართლონ [საარჩევნო] გარემოზე გადაბრალებით, სხვადასხვა პირობებზე გადაბრალებით და უკვე წამოიწყონ საუბარი იმაზე, რომ არჩევნები გაყალბებულია და არჩევნები არ არის ლეგიტიმური“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version