ივანიშვილის კოალიცია ცესკოს „პოლიტიკური“ გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს


ბიძინა ივანიშვილი, კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი მისი საარჩევნო ბლოკის ბანერის ფონზე, სადაც ნომერი 7–ია გამოსახული, 20 აგვისტო. ივანიშვილის პრესსამსახურის ფოტო. 

ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციურმა კოალიციამ „ქართული ოცნება“ ცესკოს ხელისუფლებისადმი მიკერძოებულ პოზიციაში დასდო ბრალი მას შემდეგ, რაც მან ბლოკს საარჩევნო ნომრად #41 განუსაზღვრა, #7–ის ნაცვლად, რომლის გამოყენებაც სააგიტაციო მასალებში კოალიციას წინასწარ ჰქონდა დაწყებული.  

ცესკომ განაცხადა, რომ საარჩევნო ბლოკის რიგითი ნომერი წილისყრით უნდა განესაზღვრა მაშინ როდესაც კოალიციას ორ თვეზე მეტია რაც საჯაროდ აქვს გაცხადებული, რომ აპირებდა ბლოკში შემავალი კონსერვატიული პარტიისთვის მინიჭებულ #7–ის გამოყენებას.

ბლოკისთვის ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსი ამბობს:  „თუ არჩევნებისათვის საარჩევნო ბლოკი შექმნეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა, ბლოკის წესდებაში მათ უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ“.

როგორც ამ ნორმას 20 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ცესკო განმარტავს, „იმისათვის, რომ საარჩევნო ბლოკმა დაიტოვოს მასში შემავალი ერთ-ერთი სუბიექტის რიგითი ნომერი, ბლოკში შემავალ ყველა პარტიას მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში“.

ივანიშვილის ბლოკში შემავალი ექვსი პარტიიდან ოთხი მონაწილეობდა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში, საიდანაც კონსერვატიულმა პარტიამ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის  წინა არჩევნებზე გამოყენებული #7 შეინარჩუნა. 

კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ კოალიცია არ ელოდა დაბრკოლებებს საარჩევნო ნომრის მიღებისას, ვინაიდან ადგილობრივ არჩევნებზე შეიქმნა პრეცედენტი, როდესაც მისმა პარტიამ #7 დაიტოვა იმის მიუხედავად, რომ მაშინ მის ბლოკში შემავალი ყველა პარტია არ იღებდა მონაწილეობას 2008 წლის წინა საპარლამენტო არჩევნებში; ანალოგიური ვითარება განმეორდა იმავე არჩევნებზე ოპოზიციურ ალიანსთან მიმართებაში, რომლის შემადგენლობაშიც ირაკლი ალასანიას პარტია პირველად იღებდა არჩევნებში მონაწილეობას. 

ამასთან, ცესკოს ინგლისურენოვან განცხადებაში მოყვანილია 2008 წლის მაგალითი და ნათქვამია რომ მაშინ ბლოკ "გაერთიანებულ ოპოზიციაში" სხვებთან ერთად შედიოდნენ ახალი მემარჯვენეები და პარტია თავისუფლება, რომლებიც 2004 წლის არჩევნებში იღებდნენ მონაწილეობას. ამავე ბლოკში შედიოდა კონსერვატიული პარტია, რომელიც 2004 წლის არჩევნებში არ მონაწილეობდა და მაშინ ნომრის განაწილება მოხდა კენჭისყრის შედეგად.

ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ კანონის ბუნდოვანი ჩანაწერი ცესკოს შესაძლებლობას აძლევდა ორივე გადაწყვეტილება მიეღო  – ბლოკისთვის ან პირდაპირ მიენიჭებინა ნომერი ან წილისყრით. 

თუმცა ცესკომ წილისყრა ჩაატარა და ივანიშვილის ბლოკს 41 ნომერი ფაქტიურად ავტომატურად მიანიჭა, რადგან ის მომდევნოა იმ ყველაზე მაღალი რიგითი ნომრის შემდეგ, რაც კი დარეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტებს ჰქონდათ აქამდე მიკუთვნებული. ეს იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო ბიულეტენში „ქართული ოცნება“ სიის ბოლოში ეწერება.

ივანიშვილის კოალიციამ მხარდამჭერებთან ერთად ცესკოს შენობის წინ აქციით გააპროტესტა ეს გადაწყვეტილება, რომლის გასაჩივრებასაც გეგმავს სასამართლოში.

ზვიად ძიძიგურმა ცესკო ხელისუფლებისადმი მიკერძოებაში და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში დაადანაშაულა.

კოალიცია კიდევ ერთმა წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ კოალიციის საარჩევნო ატრიბუტიკა #7–ის გამოყენებით არის დაბეჭდილი და ნომრის შეცვლა „სერიოზულ ფინანსურ და მატერიალურ ზარალთან“ იქნება დაკავშირებული.

„იმ დღიდან, როგორც კი გაჩნდა ეს სააგიტაციო მასალა, ცესკოს, თუ რამე განსხვავებული აზრი ჰქონდა, ვალდებული იყო რომ ჩვენთვის ეცნობებინა“, – განაცხადა მან.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version