საქართველოში აკრედიტებული ელჩების ჯგუფმა მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს დაიცვან კამპანიის „ეს შენ გეხება“ მიერ შემოთავაზებული ქცევის წესები, ასევე პატივი სცენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ოფიციალურად დადგენილ არჩევნების შედეგებს და იმ პროცესს, რომელიც OSCE/ODIHR-ის შეფასებით, შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და ნორმებს.
ელჩების სამუშაო ჯგუფმა, რომელიც ძირითადად ეუთოს წევრი სახელმწიფოების ელჩებისგან შედგება და ჩვეულებრივ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე იკრიბება, აღნიშნა 17 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში, რომ ის „მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, კერძოდ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, ყველა მონაწილისათვის თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფის, მედიაზე თანაბარი წვდომისა და კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს“.
„აღნიშნულის გათვალისწინებით, ელჩების სამუშაო ჯგუფი მოუწოდებს ყველა პარტიას დაიცვას 17-პუნქტიანი ქცევის კოდექსი, შემოთავაზებული “ეს შენ გეხება” კამპანიის ფარლებში; პატივი სცეს როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ოფიციალურად დადგენილ არჩევნების შედეგებს, ისე იმ პროცესს, რომელიც დამოუკიდებელი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების, უპირველესად კი OSCE/ODIHR-ის შეფასებით, შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და ნორმებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ივლისში „ეს შენ გეხებამ“ პოლიტიკურ პარტიებს საკუთარი 17–პუნქტიანი ინიციატივა შესთავაზა და მათ დიალოგის გზით ქცევის წესებზე შეთანხმებისკენ მოუწოდა. მმართველი პარტია ასევე შეუერთდა 17–პუნქტიან დეკლარაციას, თუმცა გამოვიდა წინადადებით, რომ ეს პრინციპები ნაციონალური მოძრაობის მიერ 14 ივლისს შემოთავაზებულ ოთხპუნქტიან დეკლარაციას დამატებოდა. მმართველი პარტიის დეკლარაცია შეიცავს პუნქტს, რომლის მიხედვითაც ხელმომწერმა პარტიებმა უნდა აიღონ ვალდებულება „ცესკოს მიერ შეჯამებული და სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგების აღიარებაზე“.
სწორედ დეკლარაციის ეს პუნქტი გახდა დავის მთავარი წყარო, რომლის მიღებაზეც „ქართული ოცნება“ თავს იკავებს. მართალია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ის უერთდება 17–პუნქტიან დეკლარაციას, მან შესთავაზა პარტიებს აიღონ ვალდებულება, რომ „არჩევნების შედეგების თაობაზე ყველა სადავო საკითხის მხოლოდ მშვიდობიანი და კონსტიტუციური გზებით გადაწყვეტა“ მოხდეს. შედეგად, მართალია „ქართული ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ დათანმხდნენ „ეს შენ გეხებას“ მიერ შემოთავაზებულ 17–პუნქტიან დეკლარაციაზე, მაგრამ ჯერჯერობით არ არსებობს ორივე ძირითადი პოლიტიკური ძალის მიერ ხელმოწერილი რაიმე ერთიანი დოკუმენტი.
17 აგვისტოს „ეს შენ გეხებამ“ ახალი წინადადებები გამოქვეყნა პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების თაობაზე, სადაც ცდილობს ორივე მხარის ინტერესები ასახოს იმ საკითხზე, რომელიც დავის მთავარ საგანს წარმოადგენს – პოლიტიკური პარტიების რეაქციაზე არჩევნების შედეგებზე.
ტექსტი, რომელიც 18 პუნქტიანი გახდა მას შემდეგ, რაც მასში მმართველი პარტიის დეკლარაციის წინადადებები შევიდა, მათ შორის სიძულვილის ენის გამოუყენებლობაზე, ბოლო აბზაცში შემდეგ პუნქტს შეიცავს: “საჯაროდ ვაცხადებთ, რომ ვაღიარებთ ზემოთჩამოთვლილი პირობებით ჩატარებული, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით შეჯამებული და სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგებს“.
„ეს შენ გეხებამ“ არ გამორიცხა, რომ მხარეების სურვილით ტექსტმა შეიძლება ცვლილებები განიცადოს, “თუმცა, მნიშვნელოვანია, საბოლოო შეთანხმების მიღწევის პროცესი დაიწყოს დაუყოვნებლივ“.
17 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში ელჩების სამუშაო ჯგუფი მიესალმა „მრავალფეროვან საინფორმაციო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას “must-carry, must-offer”-თან დაკავშირებული კანონმდებლობის მიღების გზით", თუმცა აღნიშნა, რომ „იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში საკაბელო მაუწყებლობა შეზღუდულია, ელჩების სამუშაო ჯგუფი მიესალმება იმის განხილვას, თუ როგორ შეიძლება გაფართოვდეს თავისუფალი მედიის ხელმისაწვდომობა იქ, სადაც არ ხორციელდება საკაბელო მაუწყებლობა, განსაკუთრებით კი საქართველოს რეგიონებში“.