სააპელაციო სასამართლომ ივანიშვილის და კალაძის დაჯარიმებაზე გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ 14 აგვისტოს ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ ლიდერისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის 20.2 მილიონი ლარის და მისი თანაგუნდელისთვის კახი კალაძისთვის16.9 მილიონი ლარის ჯარიმების დაკისრების თაობაზე.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამტრედიაში კახი კალაძე და ბიძინა ივანიშვილი პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევაში დაადანაშაულეს მას შემდეგ, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განაცხადა, რომ ორივე მათგანის მიერ საკუთარი ანგარიშებიდან განაღდებული რამდენიმე მილიონი შესაძლოა უკანონოდ იქნა გამოყენებული მათი პოლიტიკური საქმიანობისთვის.

ივნისში ივანიშვილს 74.32 მლნ ლარის ჯარიმა დაეკისრა, რის გადახდაზეც ის თავდაპირველად უარს ამბობდა, რასაც საქართველოში მისი საბანკო აქტივების დაყადაღება მოყვა. ივლისში მან „უკანონოდ“ დაკისრებული ჯარიმის ანგარიშზე სრულად გადარიცხა 80 მლნ ლარი (დაკისრებული ჯარიმა 74,325,065.65 ლარი და აღსრულების საფასური 5,202,754.60 ლარი) და განაცხადა, რომ მან ეს სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით გააკეთა.
   
13 აგვისტოს ივანიშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად მისი გადაწყვეტილებისა 80 მილიონი ლარის გადახდის თაობაზე, ხელისუფლება არ აპირებს „სრულყოფილად აანაზღაუროს“ ივლისში კახეთის რეგიონში და რამდენიმე სხვა რაიონში მომხდარი სტიქიით გამოწვეული ზარალი. მისი თქმით, იგი მხოლოდ იმ შემთვევაში გადაიხდის ახალ მრავალმილიონიან ჯარიმას, თუ ხელისუფლება მის ფულს ზარალის სრულად ანაზღაურებისთვის გამოიყენებს.

„თუ გადაუხდიან სრულყოფილად მოსახლეობას იმ ზარალს, რომელიც მათ განიცადეს სტიქიის შედეგად, მე ამ თანხასაც [20.2 მილიონ ლარს] მხოლოდ ამ შემთხვევაში გადავიხდი; სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამ უკანონო ჯარიმას ჩვენ არ გადავიხდით“, – განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს 13 აგვისტოს ბაღდათში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version