ივანიშვილმა მაჟორიტარობის მსურველი კიდევ 12 კანდიდატი წარადგინა

ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარი დეპუტატობის 12 კანდიდატი წარადგინა აჭარის, კახეთის, სამეგრელოსა და სვანეთის ერთმანდატიან ოლქებში.

ამ დროისთვის 73 ოლქიდან კოალიციის 52 კანდიდატის ვინაობაა ცნობილი. თბილისის და სხვა დარჩენილი ოლქების უმეტესობა კანდიდატების ვინაობა ხუთშაბათს გამოცხადდება.

დღევანდელ პრეზენტაციაზე ივანიშვილმა აჭარის ექვსივე ოლქში წარადგინა კოალიციის კანდიდატები და ასევე განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის მომდევნო აქცია ბათუმში, 5 აგვისტოს გაიმართება გორის, მცხეთის, ოზურგეთის, ქუთაისის და თბილისის ანალოგიური აქციების შემდეგ.

ბათუმში „ქართული ოცნების“ სახელით კენჭს იყრის – მურმან დუმბაძე, ყოფილი რესპუბლიკელი და აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი; ქედაში – დავით ანანიძე, ყოფილი პროკურორი და მოსამართლე; ქობულეთში – პედაგოგი ფატი ხალვაში, „რუსთავი 2“–ს ყოფილი მფლობელის, ემიგრირებული ბიზნესმენის ქიბარ ხალვაშის და; შუახევში – მწერალი შოთა ზოიძე, რომელიც ივანიშვილის თქმით, აჭარის ყოფილ ლიდერთან, ასლან აბაშიძესთან „იდეური შეუთავსებლობის“ გამო აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადადგა. ზოიძე 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბათუმში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო გოჩა ფიფიას პარტიდან "ქართული პოლიტიკა" და მაშინ ხმების 0.9% დააგროვა; ხულოში – ზია საგინაძე, ყოფილი სამართალდამცავი; ხელვაჩაურში – აგრონომი როსტომ ხალვაში.

კოალიციის ლიდერის თქმით, გურჯაანში კენჭს იყრის რეჟისორი მანანა ბერიკაშვილი, მსახიობ გივი ბერიკაშვილის შვილი; ხოლო თელავში – გელა სამხარაული. კახეთის რვა ერთმანდატიანი ოლქიდან მხოლოდ საგარეჯოს რაიონში დარჩა კანდიდატი წარსადგენი.

დღესვე ივანიშვილმა სამეგრელოს კიდევ სამ ოლქში დაასახელა კანდიდატები: ფოთში – ადვოკატი ეკა ბესელია; აბაშაში – "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ირაკლი საბულუა; სენაკში – მწერალი გურამ ოდიშარია, რომელიც ივანიშვილის პარტიის პოლიტსაბჭოს წევრია. სამეგრელოში, მათ შორის ზუგდიდში, სამი კანდიდატი რჩება წარსადგენი

ლენტეხის რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ეკონომისტი და სპორტსმენი გია გაზდელიანი იქნება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version