კვლევის თანახმად, მმართველი პარტია ლიდერობს, „ქართული ოცნების“ რეიტინგი კი იზრდება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ივნისში ორჯერ უსწრებს წინ ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციურ კოალიციას „ქართულ ოცნებას“, თუმცა ამ უკანასკნელის რეიტინგი თებერვლის შემდეგ 8 პროცენტული პუნქტით გაიზრდა, ხოლო მმართველი პარტიის – 11 პროცენტული პუნქტით შემცირდა, 16 ივლისს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, რომელიც აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარდა.

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ივნისში ჩატარებული კვლევის თანახმად, იმ გამოკითხულთა 36%–მა, ვინც აცხადებს, რომ მიიღებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, განაცხადა, რომ ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს ისინი ნაციონალურ მოძრაობას მისცემდნენ ხმას; შემდეგ მოდის ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიცია 18%–ით.

ვერც ერთმა სხვა პარტიამ 5%–იანი საპარლამენტო ბარიერი ვერ გადალახა, ნათქვამია NDI–ის კვლევაში, რომლის დროსაც ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 6 299 რესპოდენტი გამოიკითხა პირისპირ ინტერვიუს გზით და რომლის ცდომილების ზღვარიც +/– 2%–ია. 

ქრისტიან–დემოკრატიულმა მოძრაობამ, რომელმაც გასულ კვირას საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო, კვლევის თანახმად, მხოლოდ 3% მიიღო.

იმავე კვლევის მიხედვით, 22%–ს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, თუ ვის მისცემს ხმას – ეს თითქმის იგივე რაოდენობაა, რაც თებერვალში იყო და 16%–მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე, ნაცვლად თებერვალში არსებული 10%–სა, ხოლო 4%–მა განაცხადა, რომ ისინი არც ერთ პარტიას არ მისცემენ ხმას. 1% აცხადებს, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიას მისცემს ხმას.

NDI-ის თებერვლის კვლევაში ნაციონალურ მოძრაობას 47%–იანი მხარდაჭერა ჰქონდა, ივანიშვილს 10%, ხოლო ქდმ–ს 3%.

ივნისის კვლევა ასევე აჩვენებს, რომ რესპოდენტთა 6% ქდმ–ს თავის მეორე არჩევანში ასახელებს, მას მოჰყვება „ქართული ოცნება“ 4%–ით და მმართველი პარტია 2%–ით. 39%–მა განაცხადა, რომ მათ მეორე არჩევანი არ აქვთ.

ახალი კვლევა რამდენიმე კვირით უსწრებდა წინ მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს და ჯერ–ჯერობით უცნობია, რა გავლენა იქონია მან პოლიტიკურ რეიტინგებზე.

კითხვაზე რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ახლოს, რესპოდენტთა 34%–მა ნაციონალური მოძრაობა დაასახელა, რაც 7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია თებერვლის მონაცემთან შედარებით; 20%–მა  – კოალიცია „ქართული ოცნება“ (თებერვალში – 11%), 4%–მა –  ქდმ (თებერვალში – 5%), არცერთი პარტია არ დაასახელა 9%–მა (თებერვალში –  16%). ამ კითხვაზე ივნისში 16%–მა, ხოლო თებერვალში 10%–მა არ უპასუხა, ხოლო პოზიცია ამ თემაზე, წინა კვლევის მსგავსად, ივნისშიც ჩამოუყალიბებელი ჰქონდა 15%–ს. 

მომდევნო პრეზიდენტი

არჩევნებში მონაწილეობის მსურველი რესპოდენტების მეოთხედი, 25% აცხადებს, რომ არ იცის, თუ ვის ისურვებდა საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად,  22% აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს ისურვებდა; 20% – ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს; 17%–მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე. ქრისტიან–დემოკრატების ლიდერის, გიორგი თარგამაძის პრეზიდენტობა 4%–ს სურს; ხოლო 6%, იმის მიუხედავად, რომ იცის ამჟამინდელი პრეზიდენტი ვეღარ დაიკავებს მესამე ვადით ამ პოსტს, როცა მას 2013 წელს უფლებამოსილება ამოეწურება, მაინც მიხეილ სააკაშვილს ასახელებს სასურველ კანდიდატად.

პიროვნული რეიტინგები, საქმიანობის შეფასება

კვლევის ობიექტი იყო ასევე ის საკითხი, თუ რამდენად მოწონთ ან არ მოწონთ რესპოდენტებს კონკრეტული პოლიტიკოსები, რომელთა რაოდენობაც ჩამონათვალში ორმოცს აღემატება.

ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პოლიტიკოსია წამყვან პერსონებს შორის, რომლის „მოწონებაც“ ივნისში 46%–მდე გაიზარდა ბოლო ოთხი თვის განმავლობაში. თებერვალში ივანიშვილის მიმართ ამგვარი პოზიცია 40%–ს ჰქონდა.

მეორე მნიშვნელოვანი ტენდენცია, რასაც კვლევის ეს ნაწილი აჩვენებს, არის ის, რომ პოპულარულ პოლიტიკოსებს შორის მიხეილ სააკაშვილს ლიდერის პოზიცია აღარ უკავია. ივნისში მისი რეიტინგი 58%–ს შეადგენდა, რაც 12 პროცენტული პუნქტით დაბალია თებერვლის მონაცემზე (70%).

პოლიტიკოსებს შორის თბილისის მერი, გიგი უგულავა ლიდერობს 60%–ით, თუმცა მისი რეიტინგიც დაცემულია თებერვალთან შედარებით, როცა მისი „მოწონება“ 69%–ს შეადგენდა.

ამჟამინდელი პრემიერ–მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელიც კვლევის ჩატარების დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, რეიტინგში უგულავას და სააკაშვილის შემდეგ მესამეა 55%–ით (თებერვალში – 63%), მას მოჰყვება პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე 53%–ით (თებერვალში – 61%) და ქრისტიან–დემოკრატების ლიდერი, გიორგი თარგამაძე – 50%–ით (თებერვალში – 54%). 

პიროვნული რეიტინგების ჩამონათვალში ერთადერთი არაპოლიტიკოსი არის საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, რომელსაც 92%–იანი ყველაზე მაღალი პოპულარობის მაჩვენებელი აქვს ივნისში (თებერვალში – 95%).

ნინო ბურჯანაძე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და დემოკრატიული მოძრაობა–ერთიანი საქართველოს ლიდერი, არაპოპულარულ პოლიტიკოსებს შორის ლიდერობს – 67% აცხადებს, რომ „არ მოწონს“ ბურჯანაძე, რომელზეც ამგვარად თებერვალში 76% ფიქრობდა; მას მოყვება ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია 57–57%–ით (თებერვალში ნათელაშვილი 61%–ს, ხოლო ბოკერია – 58%–ს არ მოსწონდა).

მერაბიშვილი, რომელიც კვლევის ჩატარების დროს შს მინისტრი იყო, ლიდერობს იმ პოლიტიკოსებს შორის, რომელთა საქმიანობასაც აფასებენ რესპოდენტები. 49% მერაბიშვილის საქმიანობას „ძალიან კარგად“ (12%) და „კარგად“ (37%) აფასებს; მას მოჰყვება უგულავა 40%–ით; სააკაშვილი – 39%–ით;  დავით ბაქრაძე – 33%–ით და ამდენივე მაჩვენებლით ბიძინა ივანიშვილი, რომლის საქმიანობას „ძალიან კარგად“ 12%, ხოლო „კარგად“ 21% აფასებს.

მმართველი ნაციონალური მოძრაობა უსწრებს „ქართულ ოცნებას“, როცა რესპოდენტებს ეკითხებიან, თუ რომელი პოლიტიკური ძალა შეძლებს სხვადასხვა საშინაო, სოციალურ–ეკონომიკური თუ საგარეო საკითხების მოგვარებას. თუმცა ამ თემებზე გამოკითხულთა, დაახლოებით, მესამედმა არ იცის, თუ რომელი ძალა შეძლებს პრობლემების მოგვარებას. ამგვარი რესპოდენტების ოდენობა 31–დან 36%–მდე მერყეობს.

ერთადერთი საკითხი, რომელშიც ივანიშვილის კოალიცია უსწრებს ნაციონალურ მოძრაობას, არის რუსეთთან ურთიერთობები, რაზეც რესპოდენტთა 25% ფიქრობს, რომ ამ პრობლემის მოგვარებას „ქართული ოცნება“ უკეთ შეძლებს. 22%–ს მიაჩნია, რომ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება მმართველ პარტიას შეუძლია.

გამოკითხულთა 33%–ის აზრით, ნაციონალური მოძრაობა საქართველოს ნატოში ინტეგრაციას უკეთ უზრუნველყოფს. „ქართული ოცნების“ მიმართ ამგვარი მოლოდინი 15%–ს აქვს.

NDI–მ გასულ კვირას საზოგადოებრივი აზრის კვლევის ძირითადი შედეგები წარმოადგინა, რომლის ნაწილიც არის ასევე 16 ივლისს გაქვეყნებული პარტიული რეიტინგები, რომელსაც ამ დრომდე ორგანიზაცია არასოდეს არ ხდიდა თავად საჯაროს და მედიისგან დახურულ რეჟიმში აცნობდა პარტიებს, საიდანაც შემდგომში კონტექსტიდან ამოგლეჯილად ხდებოდა ამ მონაცემების პრესაში გაჟონვა. ასეთი პრაქტიკის გამო ორგანიზაცია ხშირად ხდებოდა სხვადასხვა ჯგუფების კრიტიკის სამიზნე. ამჯერად NDI–მ მოულოდნელად შეიცვალა მიდგომა და განაცხადა, რომ არასწორი ინტერპრეტაციების თავიდან ასარიდებლად, მან თავად გადაწყვიტა გაეცნო პარტიული მონაცემები საზოგადოებისთვის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version