კარალეთის ინციდენტთან დაკავშირებით 5 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ხუთი პირი იქნა დაკავებული და ხუთივეს 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა შიდა ქართლში, კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ და ხელისუფლების მხარდამჭერებს შორის 12 ივლისს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ინციდენტის გამო, იტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ამავე ცნობით, ერთ–ერთმა დაკავებულმა ინციდენტის დროს „სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“ ჟურნალისტს.

ხუთი დაკავებულიდან სამი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, რომლებიც კარალეთში კოალიციის ლიდერებს მოსახლეობასთან შეხვედრაზე ახლდნენ თან.

„ქართული ოცნების“ კამპანიის ფარგლებში შიდა ქართლში გამართული შეხვედრების დროს, რომელთა მიზანიც 15 ივლისისთვის გორში დაგეგმილ აქციაზე მხარდამჭერების მობილიზებაა, რამდენიმე მცირე ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი, თუმცა 12 ივლისს კარალეთში მომხდარი მეორე სერიოზული ინციდენტი იყო ბოლო დაახლოებით სამი კვირის მანძილზე.

მანამდე, 26 ივნისს ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი სოფელ მერეთში, ასევე შიდა ქართლის რეგიონში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ადგილობრივებთან კამპანიის ფარგლებში შეხვედრას მართავდა. მაშინ ოთხი ადამიანი, მათ შორის „ქართული ოცნების“ ორი აქტივისტი, დააკავეს და ათი დღით პატიმრობა მიუსაჯეს.

„ქართულმა ოცნებამ“ 13 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდის ინციდენტები ხელისუფლების მიერ იყო პროვოცირებული და ამ დაპირისპირებებმა „ყოვლად დაუშვებელი სახე მიიღო და საშიში ტენდენციები გამოიკვეთა“.

„კოალიცია „ქართული ოცნება“ მოუწოდებს ხელისუფლებას, სასწრაფოდ აღკვეთოს ასეთი დაპირისპირებები, რათა ეს პროცესები კიდევ ერთხელ არ გასცდეს კონსტიტუციის ფარგლებს და არ გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში, რაც სრულიად დაუშვებელია“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში, „კოალიცია „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ არ გადაუხვევს პოლიტიკური ბრძოლის არჩეულ გზას და კონსტიტუციური გზით, კანონის სრული დაცვით გააგრძელებს თავის საქმიანობას და არჩევნებში გამარჯვებით შეცვლის ამ ხელისუფლებას“.

კოალიციამ ასევე მოუწოდა ხელისუფლებას, რომ უზრუნველყოს მონაწილეთა უსაფრთხოება 15 ივლისს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გორში დაგეგმილ აქციაზე, რომელსაც, „ქართული ოცნების“ განცხადების თანახმად, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version