ქართული ოცნების და მმართველი პარტიის მომხრეებს შორის კარალეთში დაპირისპირება მოხდა

„ქართული ოცნების“ აქტივისტებსა და ხელისუფლების მხარდამჭერებს შორის შიდა ქართლის რეგიონის სოფელ კარალეთში დაპირისპირება მოხდა, რასაც ქვების სროლაც მოყვა, რის შედეგადაც თორმეტზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ჟურნალისტები.

„ქართული ოცნების“ აქტივისტების დიდი ჯგუფი სოფელ კარალეთში, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დევნილთა დასახლებაში ჩავიდა ადგილობრივებისთვის გორში 15 ივლისს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ მოსაწოდებლად. აქტივისტებს კოალიციის რამდენიმე ლიდერი ხელმძღვანელობდა, მათ შორის ყოფილი ფეხბურთელი კახი კალაძე და ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი.

აქტივისტების სოფელში ჩასვლის შემდეგ რამდენიმე ადგილობრივმა მამაკაცმა მათ ყვირილი დაუწყო, „პუტინისტებს“, „რუსეთის ბოზებს“ და გამყიდველებს ეძახდნენ. „ქართული ოცნების“ აქტივისტების სკანდირებაზე „გაუმარჯოს ქართულ ოცნებას“, ოპონენტები სკანდირებდნენ „მიშა, მიშა“. რაღაც მომენტში სიტყვიერი დაპირისპირება მუშტი–კრივში გადაიზარდა. ზოგიერთი ადგილობრივი ჟურნალისტის თქმით, ინციდენტში ასევე იყვნენ ჩართული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. შეხლა–შემოხლას ქვების სროლაც მოყვა, რამაც აიძულა „ქართული ოცნების“ აქტივისტები ტერიტორია დაეტოვებინათ.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, გორის საავადმყოფოში აქციის, დაახლოებით, 13 მონაწილე სხვადასხვა დაზიანებით მოხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებები სერიოზული არ არის. სახალხო დამცველის აპარატის თქმით, დაშავებულებს შორის 10 ჟურნალისტია, ძირითადად ტელეკომპანია "მეცხრე არხიდან" და სააგენტო ინფო9–დან.

„მოქალაქეთა ჯგუფმა აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შედეგად, აქციის რამდენიმე მონაწილე და ჟურნალისტი დაშავდა“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში, „მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივ გაატარონ სწრაფი და ეფექტური საგამოძიებო ღონისძიებები სამართალდამრღვევ პირთა იდენტიფიცირების მიზნით“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იძიებს ინციდენტს, რომლის დროსაც „კოალიცია "ქართული ოცნების" მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის სიტყვიერ შეურაცხყოფას მოყვა ფიზიკურ შეხლა-შემოხლა“. შსს–ს თქმით, პოლიციის მიერ ხორციელდება მომხდარ ფაქტში მონაწილე პირების იდეტინფიცირება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე მოუწოდა ყველას „გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავებულობა“.

ინციდენტის შემდეგ კახი კალაძემ ხელისუფლება დაპირისპირების პროვოცირებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ინციდენტში ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატის ბადრი ბასიშვილის "ზონდერები" მონაწილეობდნენ. ბასიშვილმა უარყო ბრალდებები და „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ დაპირისპირება კალაძის და მისი თანმხლები პირების პროვოცირებულია იმით, რომ მათ ადგილობრივებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან პავლე კუბლაშვილმა ასევე კალაძე დაადანაშაულა და ხაზი გაუსვა, რომ კალაძის თანმხლებ პირებს იარაღიც კი ჰქონდათ. ერთ–ერთ ვიდეომასალაში ჩანს მამაკაცი, რომელიც, სავარაუდოდ, კალაძის დაცვის წევრია, რომელსაც ხელში იარაღი უჭირავს იმ დროს, როდესაც კალაძე და „ქართული ოცნების“ სხვა აქტივისტები ტერიტორიას ტოვებენ მაშინ, როცა მათ ქვებს ესვრიან.  

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ თამარ კინწურაშვილმა, რომელიც ასევე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის წევრია, სინანული გამოთქვა ინციდენტთან დაკავშირებით. მისი თქმით, წინა რამდენიმე შემთხვევის დროს პოლიტიკური პარტიები წინასწარ ატყობინებდნენ კომისიას კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ, რათა თავიდან აეცილებინათ რაიმე შესაძლო ინციდენტები.

კინწურაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში მსგავს კომუნიკაციას ადგილი არ ჰქონია და კომისიას არ ეცნობა წინასწარ კარალეთის შეხვედრის თაობაზე. მან იმედი გამოთქვა, რომ პოლიცია ინციდენტში მონაწილე პირების იდენტიფიცირებას მოახდენს.

„ქართული ოცნების“ კამპანიის ფარგლებში შიდა ქართლში გამართული შეხვედრების დროს რამდენიმე მცირე ინციდენტს უკვე ჰქონდა ადგილი, თუმცა 12 ივლისის კარალეთში მომხდარი მეორე სერიოზული ინციდენტი იყო ბოლო დაახლოებით სამი კვირის მანძილზე. 26 ივნისს ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი სოფელ მერეთში, ასევე შიდა ქართლის რეგიონში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ადგილობრივებთან კამპანიის ფარგლებში შეხვედრას მართავდა. ოთხი ადამიანი, მათ შორის „ქართული ოცნების“ ორი აქტივისტი, დააკავეს და ათი დღით პატიმრობა მიუსაჯეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version