პრეზიდენტი სააკაშვილი 1 ივლისს კიევში ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ფინალს დაესწრო.
უკრაინული საინფორმაციო სააგენტო UNIAN-ის მიერ გავრცელებულ ფოტოებში ჩანს სააკაშვილი, რომელიც საპატიო სტუმართა ლოჟაში ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსა და მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარის მარიან ლუპუს შორის ზის. სურათებზე ჩანს, რომ იქვე სხედან სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი და ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი.
ერთ–ერთ ფოტოზე ჩანს, რომ სააკაშვილი ხელს ართმევს უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ვიქტორ იუშჩენკოს.
ესპანეთის და იტალიის პრემიერ–მინისტრები, რომელთა ქვეყნების საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდნენ, ასევე ესწრებოდნენ მატჩს კიევის ოლიმპიურ სტადიონზე. პოლონეთის პრეზიდენტი, ბრონისლავ კომოროვსკი, რომლის ქვეყანაც უკრაინასთან ერთად მასპინძლობდა „ევრო 2012“–ს, ასევე დაესწრო ფინალურ თამაშს, რომელშიც ევროპის ჩემპიონის ტიტული ესპანეთის ნაკრებმა მოიპოვა.