ივანიშვილმა მცხეთის აქციაზე ოთხი მაჟორიტარი კანდიდატი დაასახელა

ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 1 ივლისს მცხეთაში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული აქციის დროს მცხეთა–მთიანეთის რეგიონის ოთხივე ერთმანდატიან ოლქში მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა.

ეს უკვე მეოთხე თავყრილობა იყო მას შემდეგ, რაც ივანიშვილის კოალიციამ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აქციების გამართვა დაიწყო. მაისის ბოლოს პირველი მასშტაბური აქცია თბილისში გაიმართა, ხოლო შემდეგ ქუთაისსა და ოზურგეთში. 

ივანიშვილმა განაცხადა კვირას, რომ მომდევნო აქცია 15 ივლისს გორში შედგება.

მან თავისი დიდი ხნის მეგობარი ირაკლი ტრიპოლსკი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელა დუშეთის რაიონში. ტრიპოლსკი, რომელიც რამდენიმე დოკუმენტური ფილმის პროდიუსერი და რეჟისორია, 2008 წელს რამდენიმე თვის მანძილზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე იყო; თუმცა, სამ თვეში მან ეს თანამდებობა დატოვა იმ მოტივით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ხელისუფლების სასარგებლოდ საზოგადოების „მიკერძოებულ“ ინფორმირებას ახდენდა.

ივანიშვილის პარტიის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი თიანეთის ერთმანდატიან ოლქში იყრის კენჭს. იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი 1999–2004 წლებში პარლამენტის წევრი იყო.

ყაზბეგის ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად ივანიშვილმა ექიმი მირიან წიკლაური დაასახელა. ასევე ექიმი დიმიტრი ხუნდაძე იყრის კენჭს მცხეთის ერთმანდატიან ოლქში "ქართული ოცნებიდან".

„ქართულმა ოცნებამ“ 73 ერთმანდატიანი ოლქიდან უკვე 14–ში დაასახელა საკუთარი კანდიდატები. 150–წევრიან პარლამენტში დანარჩენი 77 ადგილი პარტიული სიით გადანაწილდება.

მცხეთაში ათასობით მხარდამჭერის წინაშე გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ  „არ არსებობს წინააღმდეგობა, რომელიც მე შემაჩერებს“ და დასძინა, რომ მისი კოალიციის მიერ დაწყებული პროცესი „შეუქცევადია“ და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებით დასრულდება.

მცხეთის აქციამდე ივანიშვილი მცხეთა–მთიანეთის რეგიონის რამდენიმე სოფელს ეწვია. ის ასევე სრუმრობდა სტეფანწმინდას, რომელიც დაახლოებით ორი წლის წინ ხელახლა გახსნილ ლარსის სასაზღვრო–გამშვებ პუნქტთან ახლოს მდებარეობს. აქციაზე გამოსვლისას ივანიშვილი ამ საკითხსაც შეეხო მოკლედ და საქართველოს ხელისუფლება იმის გამო გააკრიტიკა, რომ შესაძლებელი იყო საზღვრის ხელახლა გახსნა საქართველოსთვის უკეთესი პირობებით.

ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტი ცდილობს, რომ „ქართულ ოცნებას“ ქუჩის აქციების დაწყებისკენ უბიძგოს. თუმცა, მისი თქმით, მისი კოალიციის მიერ დაწყებული "ბრძოლა აუცილებლად ბოლომდე მივა და ჩვენი გამარჯვებით დასრულდება".

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version