ახალი მთავრობის დასახელება სამშაბათისთვის გადაიდო

პრეზიდენტი სააკაშვილი განახლებულ მთავრობას ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით პარლამენტს დასამტკიცებლად სამშაბათს წარუდგენს, ნაცვლად თავდაპირველად დაგეგმილი ორშაბითისა, განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–მა 1 ივლისს გვიან.

სააკაშვილმა გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის პრემიერ–მინისტრად დანიშვნის თაობაზე შაბათს გააჟღერა. მერაბიშვილმა პრემიერ–მინისტრის პოსტზე ნიკა გილაური შეცვალა, რასაც ავტომატურად მოყვა მთელი მთავრობის გადადგომა.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობაში ახალი პოსტი შეიქმნება დასაქმების სახელმწიფო მინისტრის სახით.

ჯერ–ჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის ვანო მერაბიშვილს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე და ვინ დაიკავებს ახალი სახელმწიფო მინისტრის პოსტს; ასევე უცნობია, შეეხება თუ არა ცვლილება დანარჩენ მინისტრებს.        

Exit mobile version