ივანიშვილს მოქალაქეობის აღდგენაზე სააპელაციო სასამართლომ უარი უთხრა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენაზე უარი უთხრა ძალაში დატოვა რა ექვსი თვის წინ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ივანიშვილის მხარე ითხოვდა პრეზიდენტის იმ ბრძანებულების ბათილად ცნობას, რომლითაც მას 11 ოქტომბერს, პოლიტიკაში წასვლის შესახებ განცხადებიდან რამდენიმე დღეში საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა იმ მოტივით, რომ 2004 წელს საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ მან 2010 წელს საფრანგეთის მოქალაქეობაც მიიღო, რაც კანონს ეწინააღმდეგება, რადგან პირი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდეგ საქართველოს მოქალაქეობას კარგავს. ივანიშვილი, რომელსაც ასევე უარი ეთქვა ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე, მისი მოქალაქეობის შეწყვეტას პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად მიიჩნევს.

სააპელაციო სასამართლომ განაცხადა, რომ „საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის მიერ საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის მიღება მიიჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლად“, ხოლო პრეზიდენტის ბრძანებულება – „კანონიერად“.

სააპელაციო სასამართლოს მიერ ოქმის გაცემიდან 21 დღეში შესაძლებელია ამ გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრება, რის გაკეთებასაც ივანიშვილის ადვოკატები გეგმავენ.

„ამას ექნება ფორმალური ხასიათი, ვინაიდან დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს, მაგრამ ჩვენ ამას მაინც გავაკეთებთ, იმისათვის, რომ მერე ეს ყველაფერი გავასაჩივროთ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსტანციებში“, – განაცხადა ივანიშვილის ადვოკატმა, ალექსანდრე ბარამიძემ 29 ივნისს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

მან სასამართლოს გადაწყვეტილებას „დაუსაბუთებელი და უკანონო“ უწოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ივანიშვილს მოქალაქეობას არ უბრუნებს, მას, როგორც ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეს, კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით 2014 წლამდე ყველა ის საარჩევნო პოლიტიკური უფლება მიანიჭა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ. თუმცა ივანიშვილი ამ გზით მინიჭებული პრივილეგიებით სარგებლობაზე უარს აცხადებს და საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებას სასამართლო გზით ცდილობს. 

Exit mobile version