დემოკრატიული პროცესების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის გაზრდა „ამ საარჩევნო ციკლის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა“, განაცხადა აშშ–ის ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა 28 ივნისს.
„გვჯერა, რომ ამ საარჩევნო ციკლში ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა არის ქართველი ხალხის მხრიდან დემოკრატიული პროცესების, ამ ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ლეგიტიმურობისადმი ნდობის გაზრდა“, – განაცხადა მან, „ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ყველას ვინც კი ჩართულია ამ პროცესში ახსოვდეს, რომ მაშინაც კი როცა ისინი გამოთქვამენ თავიანთ შეხედულებებს არჩევნების ცალკეულ ასპექტებზე და კონკურენტულ გარემოზე, იმას თუ როგორ აკეთებენ ამას გავლენა აქვს საქართველოს ინსტიტუტებისა და მისი საარჩევნო პროცესის ლეგიტიმურობის შესახებ შთაბეჭდილების ჩამოყალიბებაზე“.
„ამდენად ყველას, ვინც ჩართულია ამ პროცესში, ვფიქრობ, ვალდებულია ახსოვდეს, რომ სასწორზე იმაზე მეტი დევს, ვიდრე მათი კონკრეტული საარჩევნო მისწრაფებებია“, – განაცხადა ბასმა.
ამის შესახებ აშშ–ის ელჩმა ისაუბრა პრესკონფერენციაზე, სადაც მან გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები აფინანსებს გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიას, რომელსაც საარჩევნო პროცესებზე დაკვირვების მიზნით საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) განახორციელებენ. ამას გარდა აშშ მონაწილეობას მიიღებს უფრო ფართო სადამკვირვებლო მისიაში, რომელსაც ეუთო წარმართავს.
ელჩის თქმით, მონიტორინგის მიზანია, რომ რეგიონებში განთავსდნენ ამერიკელი დამკვირვებლები, რომლებიც ადგილზე არსებულ საარჩევნო ვითარების შესახებ ობიექტურ ინფორმაციას მიაწვდიან.
IRI თავისი 12 გრძელვადიანი დამკვირვებლის განთავსებას აჭარის, სამეგრელოს, იმერეთის, სამცხე–ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში 21 ივლისიდან გეგმავს. NDI, რომელიც ამ კვირაში უკვე ახორციელებს არჩევნების მზადების შეფასებას, გრძელვადიან დამკვირვებლებს ასევე ივლისიდან განათავსებს.
აშშ–ის ელჩმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ვაშინგტონი არ უჭერს მხარს რომელიმე კონკრეტულ კანდიდატს ან პოლიტიკურ პარტიას და რომ აშშ–ის ძალისხმევა მიმართულია ქართველი ხალხის მხარდაჭერისკენ და ქვეყანაში დემოკრატიული კულტურის გაღრმავებისკენ.
შეკითხვაზე, რომელიც ეხებოდა ბოლო დროინდელ მოვლენებს, მათ შორის მერეთის ინციდენტს, ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის წილების დაყადაღებას, კოალიციის პარტიების 2.38 მლნ ლარით დაჯარიმებას, აშშ–ის ელჩმა თავის პასუხში რომელიმე ამ შემთხვევაზე კომენტარისგან თავი შეიკავა, თუმცა ზოგადად ხაზი გაუსვა კონკურენტული არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას, სადაც „ყველა მხარეს აქვს შესაძლებლობა გაეჯიბროს ერთმანეთს“. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოში საკმარისად დიდი ხანი იმყოფება იმისთვის, რომ „ვიცოდე, რომ ხშირად ძალიან რთულია ერთმანეთისგან განარჩიო ფაქტი და მოსაზრება“.
მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ საქართველოში პოლიტიკური გარემო „საკმაოდ პოლარიზებულია“, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო ბრძოლა „წარიმართოს ძალადობის და დაშინების გარეშე“.