სახალხო დამცველის თქმით, მერეთის ინციდენტში საჯარო მოხელეები მონაწილეობდნენ

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა განაცხადა, რომ დაიწყო სოფელ მერეთში მომხდარი დაპირისპირების ინციდენტის შესწავლა, რომლის გამოც 26 ივნისს ჩაიშალა ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან.

სახალხო დამცველმა 28 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში მიუთითა, რომ საქმის შესწავლის მიზეზი გახდა „საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ვიდეო მასალები, რომლის მიხედვითაც ინციდენტში მონაწილე პირები წარმოადგენენ საჯარო მოსამსახურეებს, მათ შორის არიან გორის თვითმართველობისა და შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები“.

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ინციდენტი ხელისუფლების მიერ იყო პროვოცირებული და ასევე დაადანაშაულა შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლის დაქვემდებარებაში მყოფი სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, მისი თქმით, იღებდნენ მონაწილეობას ფიზიკურ დაპირისპირებაში. 

შსს–მ უარყო, რომ მერეთის ინციდენტში მისი თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

მომხდარი ინციდენტის შემდეგ სამართალდამცავებმა ოთხი მამაკაცი, აქედან „ქართული ოცნების“ ორი აქტივისტი დააკავეს, რომელთაც გორის სასამართლომ 10–დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

„გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულ პირებს შორის ზემოხსენებული [საჯარო] მოხელეები არ არიან“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

„მიგვაჩნია, რომ მსგავს დაპირისპირებაში საჯარო მოხელეთა მონაწილეობა წარმოადგენს როგორც მინიმუმ, საჯარო მოხელისათვის შეუფერებელ ქცევას. საქმის შესწავლისას ჩვენ მოვახდენთ მათ მიერ ჩადენილი სავარაუდო სამართალდარღვევის იდენტიფიცირებას“, – აცხადებს ობუდსმენის ოფისი, რომელიც მასალებს  უახლოეს დღეებში გაუგზავნის „შესაბამის ორგანოებს სათანადო რეაგირების განხორციელების მოთხოვნით“

Exit mobile version