თვის დასაწყისში სოხუმში სტუმრობის შემდეგ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი 18 ივნისს სეპარატუსტულ სამხრეთ ოსეთში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ჩავიდა, იტყობინება სეპარატისტული რეგიონის საინფორმაციო სააგენტო „რესი“.
სეპარატისტული რეგიონის ლიდერთან ლეონიდ თიბილოვთან ერთად ნურგალიევი ახალგორში ჩავიდა, სადაც მან რუსეთის დაფინანსებით გარემონტებული რამდენიმე ობიექტი, მათ შორის ადგილობრივი საავადმყოფო მოინახულა.
ნურგალიევმა, რომელიც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ მაისში დანიშნეს მას შემდეგ, რაც რვა წელი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე იმსახურა, განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებში ცხინვალში ჩავა, რათა შემდგომი დახმარების პროგრამები განიხილოს.