პრეზიდენტმა სააკაშვილმა 15 ივნისს განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კრემლის მითითებით ძალიან ბევრი „რუსული ფული“ შემოდის ქართულ პოლიტიკაში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, „ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საქართველოში ხმები, ამომრჩევლები, პოლიტიკური პროცესები იყიდებოდეს“.
„ჩვენ არ დავუშვებთ ასევე იმას, რომ თუნდაც არჩევნებმა ან სხვა რაიმე პოლიტიკურმა პროცესებმა შეაფერხოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ის წელს საქართველოს ეკონომიკის 8%–იან ზრდას ელის.
„დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებს მოვიგებთ“, – განაცხადა მან ეროვნული ბანკის ახალი საკასო ცენტრის გახსნის ცერემონიალზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ რიგი კომერციული ბანკების მმართველები.
„ჩვენ ისიც კარგად ვიცით, რომ პირდაპირი მითითებით კრემლის, საქართველოში შემოდის ძალიან ბევრი, დიდი რუსული ფული“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
„მართლა ბრიყვი უნდა იყო, რომ ვერ მიხვდე, რომ ესაა რუსული ფული“, – განაგრძო მან, „თუ ბრმა არ ხარ და ყრუ არ ხარ, ყველამ კარგად იცის რაც ხდება“.
მისი თქმით, მაშინ როცა „რომელიმე დეგრადირებული პოლიტიკოსი“ შეიძლება გაიყიდოს, „საქართველოში არ იყიდება ორი რამ: ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი – აი ეს არის სიამოვნება ახალი არაკორუმპირებული სახელმწიფოს შექმნის“.
„შეგიძლია იყიდო რომელიმე წარსულის ცნობილი სახე, რომელსაც საბანკო კრედიტი აქვს და ვერ დააბრუნა და ამიტომ აღარ იცის, ვინც იყიდის, ყველას მიეყიდება; შეგიძლია იყიდო ხელოვნების რომელიღაც სფეროს არცთუ ისე წარმატებული წარმომადგენელი… მაგრამ ვერასდროს ვერ იყიდი ვერცერთ სახელმწიფო ინსტიტუტს. ჩვენ არა გვაქვს კორუფცია სახელმწიფო აპარატში და ჩვენ არ დავუშვებთ პოლიტიკურ კორუფციას საქართველოში“, – განაცხადა მან,
„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საქართველოში ხმები, ამომრჩევლები, პოლიტიკური პროცესები იყიდებოდეს გინდა 1 მილიარდად, გინდა 10 მილიარდად და გინდა 100 მილიარდად იმიტომ, რომ საქართველოს მომავალი ღირს ბევრად მეტი, ვიდრე მათი მილიარდები და ბევრად მეტი, ვიდრე იმ უსინდისო ადამიანების ძალიან გაუფასურებული სინდისი და ძალიან გაუფასურებული საკუთარი თავის პატივისცემა და ღირსება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში.
„ჩვენ მკაცრად დავიცავთ კანონს და სხვათა შორის, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა დაგვიკრავს ამაზე ტაშს“, – განაცხადა მან.
„ვერავინ ვერ დაგვაბრუნებს კორუფციაში ვერც პოლიტიკური კორუფციით, ვერც პარტიული კორუფციით, ვერც საარჩევნო კორუფციით და მითუმეტეს, სახელმწიფო აპარატს ვერავინ ვერ მოისყიდის – ეს არის ჩემი მტკიცე გარანტია თქვენდამი მიცემული. ეს ემყარება არა მხოლოდ ჩემს პიროვნებას, არამედ… თითოეულ ჩვენს ადმინისტრაციის წარმომადგენელს, იმ ინსტიტუტებს, რომლებიც ჩვენ შევქმენით გამჭირვალე, ლამაზი, მყარი, არაკორუმპირებული, სუფთა, ეფექტური ინსტიტუტები, რომელიც დაიცავს ქართველ ხალხს და დაიცავს საქართველოს მომავლის არჩევანს“, – განაცხადა სააკაშვილმა.