რუსეთის მიგრაციის სამსახურის უფროსი: ‘ათასობით ქართველი რუსეთში უკანონოდ იმყოფება’

რუსეთის ფედერაციის მიგრაციის ფედერალური სამსახურის უფროსმა კონსტანტინე რომოდანოვსკიმ განაცხადა 13 ივნისს, რომ საქართველოს 9 000–ზე მეტი მოქალაქე რუსეთში საიმიგრაციო კანონმდებლობის დარღვევით იმყოფება. 

„ჩვენ ვიპოვით ამ ადამიანებს და გადაწყვეტილებებს მივიღებთ მათთან დაკავშირებით: ან საიმიგრაციო სამსახური, ან სასამართლო გააკეთებს ამას“, – განუცხადა რომოდანოვსკიმ ჟურნალისტებს, როგორც ამის თაობაზე რუსული საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან.

ეს განცხადება იმ დღეს გაკეთდა, როდესაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ რუსეთიდან, დაახლოებით, ხუთი წლის წინ ეთნიკური ქართველების დეპორტაციასთან დაკავშირებით საქართველოს სარჩელზე მოსმენა გამართა. საქმე ეხება 2006 წლის სექტემბრის ბოლოს და 2007 წლის დასაწყისში რუსეთის ფედერაციიდან დეპორტირებული ასობით ეთნიკური ქართველის უფლებების სავარაუდო დარღვევებს. დეპორტაციას წინ უძღოდა საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობების დაძაბვა თბილისის მიერ რუსი ჯაშუშების დაკავების გამო.

რომოდანოვსკის თქმით, ქართველების დეპორტაციის მიზეზი რუსეთში მათი უკანონო ყოფნა იყო. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ  13 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადება „საქართველოს მოქალაქეების დევნის მორიგი კამპანიის“ დაწყებას მოწმობს.

საქართველოს საგარეო უწყება განცხადების დასაწყისში აღნიშნავს, რომ „რუსეთის ფედერაციაში დაწყებულია ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების მორიგი სერიოზული ტალღა. მასობრივად მიმდინარეობს ოპოზიციის წარმომადგენელთა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების სახლებისა და ოფისების ჩხრეკა, დაპატიმრებები, ფიზიკური ანგარიშსწორება და მათი საქმიანობის შეზღუდვა სხვადასხვა ძალადობრივი მეთოდებით“.  ამავე განცხადების თანახმად, რუსეთის ფედერაციის მიგრაციის ფედერალური სამსახურის უფროსის განცხადება ადამიანის უფლებათა დარღვევების  კონტექტსში უნდა იქნას განხილული.   

 

Exit mobile version