კლინტონი საქართველოს სანაპირო დაცვისთვის აშშ–ის მხარდაჭერაზე საუბრობს

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით დგას და საქართველოს და მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მისი მხარდაჭერა ურყევია, განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ბათუმში, სადაც საქართველოს სანაპირო დაცვას ორი საპატრულო კატარღა გადასცა, რომელთა მოდერნიზებაც აშშ–ის დახმარებით განხორციელდა.

კლინტონმა განაცხადა, რომ 2009 წლიდან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 10 მილიონი აშშ დოლარი გამოყო საქართველოს სანაპირო დაცვის დასახმარებლად, რათა ის გამხდარიყო „მდგრადი, დამოუკიდებელი სამსახური, რომელიც შეძლებდა საკუთარ ტერიტორიულ წყლებში პატრულირებას და დაცვას“.

მისი თქმით, გარდა საპატრულო კატარღების განახლებისა, აშშ დაეხმარა გემების სარემონტო ქარხნის მშენებლობას, ახალი საკომუნიკაციო და სადამკვირვებლო მოწყობილობის მონტაჟს და მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საზღვაო საინფორმაციო ცენტრის გახსნას.

„ყველაფერი ეს არის ჩვენი უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილი, რომ დავეხმაროთ საქართველოს დაიცვას საზღვრები და სუვერენიტეტი“, – განაცხადა კლინტონმა, „სასაზღვრო პოლიციის ახალი პუნქტები შორეულ ადგილებში, რადიაციის კონტროლის მოწყობილობები ყველა პორტში, მეტი აღჭურვილობა და წვრთნა მესაზღვრეებისა და სამხედრო ოფიცრებისთვის, ნატოსთან კავშირების გაფართოება როგორც აქ, ისე ჩვენი საერთო მისიის ფარგლებში ავღანეთში – ამერიკის შეერთებული შტატები ამ პარტნიორობის ერთგული რჩება და მას შემდგომში კიდევ უფრო გაზრდის“.

„ძლიერი ქართული სანაპირო დაცვა ხელს შეუწყობს შავ ზღვაზე უსაფრთხოებას და უფრო ფართო რეგიონალურ სტაბილურობას. ხმელეთზე უფრო ეფექტურ სასაზღვრო უსაფრთხოებასთან ერთად, ის დაეხმარება ნარკოტიკების, ადამიანთა ტრეფიკინგის და მასობრივი განადგურების იარაღის უკანონო შემოდინების წინააღმდეგ ბრძოლას. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის… ეს გემი და სხვა ამდაგვარი გემები საქართველოს ეროვნული სულისკვეთების სიმტკიცეს და თქვენი სუვერენიტეტის სიმყარეს წარმოადგენს“, – განაცხადა მან.

Exit mobile version