აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდება

აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი 5 ივნისს ბათუმში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში ოპოზიციის ხუთ წარმომადგენელთან გამართავს შეხვედრას.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო უმცირესობისა და ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე; და ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე.  

ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ ჰილარი კლინტონს შეხვდებიან:  „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მანანა კობახიძე; რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი და ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატების პარტიიდან თეა წულუკიანი. ამის შესახებ კოალიციის პრესსამსახურში ორშაბათს საღამოს განაცხადეს.

გასულ კვირას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას აშშ–ის სახელმწიფო მდივანთან ცალკე შეხვედრის მცდელობა ექნებოდა. თუმცა დაგეგმილი შეხვედრის ფორმატი ხუთ ოპოზიციონერ ლიდერთან ერთობლივ შეხვედრას ითვალისწინებს.

აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ბათუმში დღეს სომხეთიდან ჩავა. იგი 5 ივნისს ბათუმში აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომას გახსნის და ასევე შეხვდება პრეზიდენტ სააკაშვილს.

Exit mobile version