ამერიკელი დიპლომატები დღეს ბათუმში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან და დემოკრატიულ რეფორმებს განიხილავენ. შეხვედრა ერთი დღით უსწრებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომას, რომელსაც 5 ივნისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი გახსნის.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკ რუბინი, ასევე აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით გახსნილ ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს შეხვდებიან.
„მრგვალი მაგიდისას მხარეები განიხილავენ საარჩევნო გარემოს საქართველოში, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის საკითხებს, აგრეთვე ეთნიკური ჯგუფების თანაცხოვრების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პროფკავშირების პრობლემებს“, – ნათქვამია აშშ–ის საელჩოს პრეს–რელიზში.
დემოკრატია აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრული თანამშრომლობის ოთხი პრიორიტეტული სფეროდან ერთ–ერთია. დანარჩენი სფეროებია უსაფრთხოება, ეკონომიკა და ხალხთა შორის ურთიერთობები.
აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ბათუმს დღეს მოგვიანებით ესტუმრება და 5 ივნისს საქართველოს ხელმძღვანელობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციის წარმომადგებლენთან გამართავს მოლაპარაკებებს, რის შემდეგაც იგი აზერბაიჯანში გაემგზავრება.