გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ფედერალური მინისტრი დირკ ნიბელი, რომელიც სამდღიანი ვიზიტით საქართველოში იმყოფება, 31 მაისს საქართველოს ხელმძღვანელობას შეხვდა.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ნიბელის ვიზიტი, რომელიც საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტიდან დაახლოებით სამ თვეში შედგად, ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების ნიშანია.
31 მაისს გერმანიის ფედერალური მინისტრი ასევე შეხვდა საქართველოს პრემიერ–მინისტრს, ნიკა გილაურს და ფინანსთა მინისტრს, დიმიტრი გვინდაძეს; ფინანსთა მინისტრმა 31 მაისს ხელი მოაწერა შეთანხმებას გერმანულ მხარესთან, რომლის ფარგლებშიც საქართველო წელს გერმანიისგან 57.25 მილიონ ევროს მიიღებს, სადანაც 52 მილიონი ევრო შეღავათიანი სესხია, ხოლო დანარჩენი არის გრანტი. საქართელოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული დაფინანსება მოხმარდება ბათუმში სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციას; მყარი ნარჩენების მართვას იმერეთის რეგიონში; განახლებადი ენერგიის პროგრამას და დაცული ტერიტორიების განვითარებას.
”საქართველო ჩვენი რეგიონალური პოლიტიკის კუთხით სამხრეთ კავკასიაში განსაკუთრებით წარმატებული და კონსტრუქტიული პარტნიორია, რომელსაც ხშირად ენიჭება რეგიონში სანიმუშო და საშუამავლო როლი“, – განაცხადა დირკ ნიბელმა.
იგი საქართველოსთან თანამშრომლობის სამ პრიორიტეტულ სფეროს გამოყოფს – დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ბიომრავალფეროვნების დაცვას.
”საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში ჩემთვის სამი სფეროა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი: პირველი – დემოკრატიის გაძლიერება ამ ქვეყანაში. ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ მომავალ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისას ყველასთვის თანასწორი უფლებები არსებობდეს“, – განაცხადა მან.
„მეორე – უნდა გაძლიერდეს სამართლებრივი სახელმწიფო. ეს ეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას, მაგრამ ასევე ეფექტური და გამჭვირვალე სამართლებრივი პირობების შექმნას ეკონომიკის, ინვესტიციებისა და დასაქმებულთათვის. მესამე – საქართველოს განუმეორებელი ბუნება ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო პრინციპების დაცვით უნდა შენარჩუნდეს”, – განაცხადა ნიბელმა.
1 ივნისს გერმანიის ფედერალური მინისტრი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის საველე ოფისს ესტუმრა, ხოლო შემდეგ მისიის პატრულს შეუერთდა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიმართულებით.
ვიზიტის ბოლო დღეს, 2 ივნისს გერმანიის ფედერალური მინისტრი ბათუმს ეწვევა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან გამართავს მოლაპარაკებებს; ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში გამართავს შეხვედრებს. ბათუმში იგი დაათვალიერებს გერმანიის დახმარებით რეაბილიტირებულ წყალმომარაგების სისტემებს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდო ვესტერველე მარტში სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში სტუმრობდა საქართველოს. აპრილში კი თბილისში ჩამოვიდნენ გერმანიის თავდაცვის ფედერალური მინისტრის მოადგილე თომას კოსენდეი და საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის მოადგილე კორნელია პიპერი. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებული აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და შუა აზიის საკითხებში, პატრიცია ფლორი საქართველოში მაისში იმყოფებოდა.
2012 წელს საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავი აღინიშნება. ეს პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც თბილისში 1992 წლის აპრილში საელჩო გახსნა.