გამოცდების ეროვნული ცენტრის ათობით თანამშრომელმა სამსახურის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა


გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი მაია მიმინოშვილი და „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი 29 მაისს გამართული შეხვედრის შემდეგ. ფოტო: ივანიშვილის პრესსამსახური.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ათობით თანამშრომელმა განაცხადა 29 მაისს, რომ მათ ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების გამო პროტესტის ნიშნად სამსახურს ტოვებენ.

თუმცა, მათ ასევე განაცხადეს, რომ ერთი თვის მანძილზე განაგრძობენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას, რათა საატესტატო გამოცდების მიმდინარე პროცესი არ შეფერხდეს და ახალ კადრებს სრულად გადააბარონ ყველა ტიპის ინფორმაცია, ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე.

განცხადებაში, რომელიც გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა 29 მაისს დაწესებულების შენობის წინ წაიკითხეს, ნათქვამია, რომ განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის გადაწყვეტილება მიმინოშვილის გათავისუფლების თაობაზე მიმდინარე საატესტატო გამოცდების დროს, „უპასუხისმგებლო“ ქმედებაა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მინისტრის მიერ დასახელებული მოტივი – სამინისტროს პოლიტიკასა და მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის პრინციპული შეუთავსებლობა – „გაუგებარი და ბუნდოვანია“.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ 28 მაისს ცენტრის თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა „ვერ მოიყვანა ვერც ერთი არგუმენტი იმის საილუსტრაციოდ, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატება მინისტრისა და მაია მიმინოშვილის შეუთავსებლობა“.

განცხადებაში თანამშრომლები მოუწოდებენ განათლების მინისტრს საჯაროდ განუმარტოს საზოგადოებას, თუ რატომ გახდა აუცილებელი მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება სწორედ ამ მომენტში, მაგრამ „ამ თხოვნის შესრულების გარეშე, შეუძლებელი იქნება, რომ განათლების და მეცნიერების ამჟამინდელმა მინისტრმა უარყოს ბრალდება, რომ მისი ეს გადაწყვეტილება იყო უპასუხისმგებლო“.

მას შემდეგ, რაც მიმინოშვილის გათავისუფლების შესახებ გახდა ცნობილი, გავრცელდა ხმები, რომ მისი გათავისუფლების შესაძლო მიზეზი შეიძლება იყოს მისი ვაჟიშვილის მონაწილეობა „ქართული ოცნების“ აქციაში 27 მაისს.

29 მაისს მიმინოშვილის ოპოზიციური კოალიციის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერმა სთხოვა მას ინფორმაცია მიეწოდებინა მისი გათავისუფლების გარშემო არსებული ვითარების შესახებ. 

კითხვაზე აპირებდა, თუ არა ის „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანებას, მიმინოშვილმა განაცხადა, რომ მისი ერთადერთი საფიქრალი არის ცენტრის თანამშრომლების დაწყნარება, რათა მათ საატესტატო გამოცდების შეუფერხებლად ჩატარება უზრუნველყონ.

გამოცდების ეროვნული ცენტრი ორგანიზებას უწევს ერთიან ეროვნულ გამოცდებს, საერთო სამაგისტრო გამოცდებს, პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებს, საჯარო სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს და ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადას.

მაია მიმინოშვილი, დაახლოებით, 10 წელი ედგა სათავეში გამოცდების ეროვნულ ცენტრს. 2007 წლის ბოლოს იგი განათლების მინისტრად დანიშნეს, თუმცა, დაახლოებით, ორ თვეში ის თავის ძველ თანამდებობას დაუბრუნდა.  

დღესვე მოგვიანებით განათლების მინისტრის მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ განაცხადა, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორი 30 მაისს დაინიშნება.

მისი თქმით, სამინისტროსა და მიმინოშვილის მოსაზრებებს შორის ძირითად რეფორმებთან დაკავშირებით გარკვეული განსხვავებები არსებობდა, მათ შორის საატესტატო გამოცდების ფორმატის შეცვლასთან და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის სკოლის ატესტატების სახეობასთან დაკავშირებით.

სამინისტროს პრესსპიკერმა ნინო პოტრჟებსკაიამ განაცხადა 29 მაისს, რომ თანამდებობიდან გათავისუფლებამდე მიმინოშვილს სხვა თანამდებობები შესთავაზეს, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროში ან ელჩის პოსტი ევროპის ერთ–ერთ ქვეყანაში, რაზეც უარი მიიღეს. 
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version