განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის მიერ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის გათავისუფლებას ცენტრის თანამშრომელთა სოლიდარობის პროტესტი მოჰყვა, რომელთაც განაცხადეს, რომ ეს საფრთხის ქვეშ აყენებს ეროვნული გამოცდების ჩატარებას და პრეზიდენტს ისეთი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდეს, რომელიც მოხსნის მსგავს საფრთხეს.
შაშკინმა მიმინოშვილი 28 მაისს გაათავისუფლა მის „პირად პოზიციასთან“ სამინისტროს პოლიტიკის „პრინციპული შეუთავსებლობის“ მოტივით. სხვა დეტალებზე სამინისტროს განცხადებაში არაფერი იყო ნათქვამი.
„მაია მიმინოშვილის პოზიცია აბსოლუტურად თანხვდება ცენტრის თანამშრომელთა ხედვას, რაც ნიშნავს, რომ ცენტრის ხელმძღვანელის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება ეხება ცენტრის ყველა თანამშრომელს და ზოგადად ცენტრის საქმიანობას“, – აცხადებენ გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები პრეზიდენტ სააკაშვილის სახელზე მათ ოფიციალურ ვებ–გვერდზე 28 მაისს გამოქვეყნებულ ღია მიმართვაში.
აქვე თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ ნებისმიერი უთანხმოების გადაჭრის გზა უნდა იყოს მოლაპარაკება და „არა ხისტი გადაწყვეტილება“.
„ბ-ნო პრეზიდენტო, დაბეჯითებით ვაცხადებთ, რომ ბ-ნი დიმიტრი შაშკინის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება რეალური საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდების, ისე მასწავლებელთა სასერტიფიკაციო და საერთო-სამაგისტრო გამოცდების ჩატარებას. ამიტომაც, გთხოვთ უშუალოდ თქვენ მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მოხსნის მსგავს საფრთხეს და საზოგადოების უნდობლობისა და ნიჰილიზმისაგან დაგვიცავს“, – ნათქვამია ღია მიმართვაში.
თანამდებობიდან გათავისუფლებულმა მაია მიმინოშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ განუცხადა, რომ გამოცდების ეროვნულ ცენტრში ამჟამად „ძალიან მძიმე ვითარებაა“ და ის ცდილობს, პრობლემა იმგვარად მოგვარდეს, რომ გამოცდების ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს.
მიმინოშვილმა განაცხადა, რომ საჯარო სკოლებში საატესტატო გამოცდების მიმდინარეობისას და ერთიანი ეროვნულ გამოცდების დაწყებამდე ერთი თვით ადრე მიღებული ეს საკადრო გადაწყვეტილება „მოულოდნელი“ აღმოჩნდა მისთვის. მან გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს სისტემის მუშაობასთან დაკავშირებით მინისტრისგან მის განსხვავებულ ხედვებს. მან ასევე განაცხადა, რომ მისი შვილი კვირას ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციაში მონაწილეობდა. მიმინოშვილის ძმამ, ჯგუფი „შინის“ გიტარისტი „მაესტროს“ ეთერში, სადაც გერმანიიდან ჩაერთო, განაცხადა, რომ ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს სატელეფონო საუბარს მის „ბავშვობის მეგობართან“, „ქართული ოცნების“ პრესსპიკერთან მაია ფანჯიკიძესთან, სადაც მან კვირას თბილისში გამართული აქციის მიმართ თანადგომა გამოხატა.