თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით საგანელიძემ პარტია ახალი მემარჯვენეები დატოვა და „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანების სურვილი გამოთქვა 25 მაისს ტელეკომპანია „მაესტროს“ თოქ–შოუში სტუმრობისას.
ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიესალმა ამ ნაბიჯს, როგორც „საკუთარი შეცდომების“ გამოსწორების „კარგ მაგალითს“.
„მან ნახა, რომ ის სწორ ადგილზე არ დგას და წამოვიდა იქიდან და დადგა იქ, სადაც სამშობლოს სჭირდება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სამაგალითო ქცევა მისი მხრიდან და ბევრ პოლიტიკოსს მოვუწოდებ, რომ მსგავსი გააკეთონ“, – განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს 26 მაისს.
საგანელიძემ, რომელიც ახალი მემარჯვენეების ერთ–ერთი დამფუძნებელი იყო, პარტიული თანამდებობები ჯერ კიდევ გასულ შემოდგომაზე დატოვა, თუმცა „მემარჯვენეების“ რიგით წევრად ამ დრომდე რჩებოდა. ცოტა ხნის წინ ის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.
ახალი მემარჯვენეებიდან წამოსვლის მიზეზებზე საუბრისას მან განაცხადა, რომ ყოფილმა თანაპარტიელებმა „ბევრი შეცდომა დაუშვეს“, რის გამოც „რამოდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე“ მისი აზრები მათთან „აბსოლუტურად გაყოფილი“ იყო.
„ქართულ ოცნებასთან“ სამომავლო ურთიერთობის კონტექსტში საგანელიძემ ხაზი გაუსვა იმ გამოცდილებას, რომელიც მას მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვების კუთხით გააჩნია. ის, როგორც ოპოზიციური კანდიდატი, პარლამენტში ორჯერ იქნა არჩეული ამ წესით ონის და დიდუბის მაჟორიტარული ოლქებიდან.