ბოლო პერიოდში თბილისში აქტიურად გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ მილიარდერმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა შეისყიდა ან აპირებს იყიდოს თბილისის გაზისა და ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანიები, რათა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ტარიფები დაწიოს.
24 მაისს მთავრობის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომ მან გადადო სახელმწიფოს კუთვნილი რკინიგზის აქციათა 25%–ის ლონდონის საფონდო ბირჟაზე პირველადი განთავსება ბაზრებზე შექმნილი არასახარბიელო მდგომარეობის მოტივით, გააჩინა ხმები იმის შესახებ, რომ ამ გეგმაზე უარის თქმა იმ ფაქტორმა განაპირობა, რომ ივანიშვილი აპირებდა რკინიგზის აქციების ყიდვას.
ტელეკომპანია „კავკასიაზე“ დავით აქუბარდიას თოქ–შოუში 24 მაისს სტუმრობისას ამ ჭორებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, თუ რამდენად შეესაბამებოდა ისინი სიმართლეს, ივანიშვილმა უპასუხა: „საერთოდ „თელასის“ და რკინიგზის გატანა უნდათ 25%–ის ბირჟაზე; ნებისმიერი ბიზნესმენი შეიძლება დაინტერესდეს, ამაში არაფერი არ არის სასწაული. საერთოდ, მე არ მიყვარს წინასწარ განცხადებების კეთება. არაფერი ჯერ რეალური არ არის, რომ ამაზე ვისაუბრო“.
აქუბარდიამ ეს განცხადება მიიჩნია რა გავრცელებული ხმების დადასტურებად უთხრა ივანიშვილს: „გასაგებია, ეს უკვე პასუხია. ე.ი. ველოდოთ გაზისა და დენის ფასის გაიაფებას“.
„არა, არა. მე ასე არ მითქვამს“, – უპასუხა მაშინვე ივანიშვილმა, „ასე არ მითქვამს, მაგრამ ახლა თუ დავინტერესდი თუნდაც „თელასით“, გინდაც სხვა აქციებით, რატომაც არა პრინციპში“. ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არაფერი რეალური ამ მიმართულებით არ ხდება.
თბილისში ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანიის „თელასის“ აქციათა 75%–ის მფლობელია ნიდერლანდების სამეფოში დარეგისტრირებული Silk Road Holdings B.V., რომელსაც სრულად ფლობს რუსული სახელმწიფო კომპანია „ინტერ რაო”; „თელასის“ აქციათა 24.53% სახელმწიფო საკუთრებაშია. კვირის დასაწყისში საინფორმაციო სააგენტოები „ინტერ რაო”–ს წარმომადგენლის ნიკოლაი გორელოვის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინებოდნენ, რომ „ინტერ რაო”–ს „თელასში“ წილები არ გაუყიდია.
თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისის“ მესაკუთრეა „ყაზტრანსგაზი“, რომელიც ყაზახეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია ”ყაზმუნაიგაზის“ შემადგენელი ნაწილია.