თბილისის სააპელაციო სასამართლომ 23 მაისს ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს შარშანდელი განაჩენი, რომლითაც 2009–2010 წლებში საქართველოში მომხდარ რამდენიმე აფეთქებაში მსჯავრდებულ შვიდ პირს ხანგრძლივი პატიმრობები მიესაჯათ.
შვიდი მსჯავრდებულიდან ხუთს, რომელთა საქმეებიც სააპელაციო სასამართლომ განიხილა, 30–წლიანი პატიმრობა შეუნარჩუნდათ; დანარჩენ ორ მსჯავრდებულს კი 22 და 7–წლიანი პატიმრობა შეუნარჩუნდათ.
საქმე ეხება საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ რამდენიმე აფეთქებას, მათ შორის 2010 წლის 22 სექტემბერს თბილისში აშშ–ის საელჩოს ტერიტორიის სიახლოვეს მომხდარ აფეთქებას და ასევე 2010 წლის 28 ნოემბერს თბილისში ლეიბორისტული პარტიის ოფისის წინ მომხდარ აფეთქებას, რომლის დროსაც ერთი ქალბატონი დაიღუპა.
მაისის დასაწყისში ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ მსჯავრდებულებთან საპროცესო გარიგების გაფორმება იგეგმებოდა, თუმცა ეს შეთანხმებები არ შედგა.
შვიდი მსჯავრდებულიდან ექვსმა თავიანთ დასკვნით სიტყვაში თავი უდანაშაულოდ ცნო. ერთ–ერთმა მსჯავრდებულმა გოგიტა არქანიამ, რომელსაც 30–წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, აღიარა დანაშაული თბილისში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, თუმცა სასამართლოს განუცხადა, რომ დანარჩენი ექვსი მსჯავრდებული ამაში არ მონაწილეობდა. მან სასამართლოზე განაცხადა: "თბილისში ჩადენილზე ვცნობ თავს დამნაშავედ. დანარჩენები არ ვიცი რატომ ზიან,"
რამდენიმე მსჯავრდებულმა განაცხადა, რომ ისინი დაპატიმრების შემდეგ სცემეს. ერთ–ერთმა მათგანმა, მერაბ ყოლბაიამ, რომელსაც 30–წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, განუცხადა სასამართლოს წინა სხდომებზე, რომ ადრინდელი ჩვენებები, სადაც ის დანაშაულს აღიარებდა, მან წამების შედეგად მისცა. მისმა ადვოკატმა სთხოვა სასამართლოს, რომ ხელახლა დაეკითხათ ყოლბაია, ვინაიდან მას ჩვენების შეცვლა სურდა, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მსჯავრდებულთა ადვოკატები აცხადებენ, რომ ისინი განაჩენს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.
2010 წლის დეკემბერში ქართველმა სამართალდამცავებმა ექვსი პირი დააკავეს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებებში მონაწილეობდნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ტერაქტები, მათ შორის ხობის რაიონში სარკინიგზო ხიდის აფეთქების მცდელობა, აფხაზეთში მყოფი რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცრის ევგენი ბორისოვის დავალებით განხორციელდა.
2011 წლის თებერვალში პოლიციამ იმავე საქმეზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავა, მათ შორის მერაბ ყოლბაია, რომელიც „რუსული დაზვერვის მიერ ორგანიზებულ ტერორისტული აქტებზე პასუხისმგებელ ერთ–ერთ მთავარ ფიგურად“ მიიჩნევა. 2011 წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 პირი დამნაშავედ ცნო ტერორიზმში და მათ უმეტესობას, ზოგს დაუსწრებლად (ბორისოვის ჩათვლით) ხანგრძლივი პატიმრობა შეუფარდა. ზოგიერთმა მათგანმა განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.