ლონდონში საქართველოს რკინიგზის აქციების IPO გადაიდო

საქართველომ სახელმწიფოს კუთვნილი „საქართველოს რკინიგზის“ 25%–მდე აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე პირველადი განთავსება (Initial Public Offering, IPO) გადადო.

„საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა ამ ეტაპზე გადადოს ს.ს. „საქართველოს რკინიგზის“ IPO იმ გამოწვევების გამო, რაც ამჟამად კაპიტალის ბაზრებზე არსებობს", – ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ მოკლე განცხადებაში, რომელიც 24 მაისს გავრცელდა.

პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა 24 მაისს მთავრობის სხდომაზე გადავადების მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა: "25%–ის ფინანსურ ბაზრებზე გატანა გადავდეთ ჩვენ მომავლისათვის, როცა ბაზრებზე მდგომარეობა გამოსწორდება".

გასულ კვირას „საქართველოს რკინიგზამ“ ლონდონში IPO-ს წინ აქციათა ღირებულება დაადგინა. სახელმწიფოს კუთვნილმა სს „საპარტნიორო ფონდმა“, რომელიც რკინიგზის აქციათა გამყიდველად მოქმედებს, განაცხადა 16 მაისს, რომ აქციების პირველადი განთავსების შედეგად, რომელიც თავდაპირველად 24 მაისს იგეგმებოდა, 200-დან 250 მილიონ აშშ დოლარამდე თანხის მიღებას ელის.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში FTSE 100-ის ინდექსი (გაერთიანებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე არსებული ასი უმსხვილესი კაპიტალიზაციის მქონე კომპანია), დაახლოებით, 3%-ით დაეცა, იტყობინება Reuters-ი.

რკინიგზის IPO-ს შესახებ Reuters-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ასევე იტყობინება, რომ საქართველოს რკინიგზის აქციებისადმი გარკვეული დაინტერესება არსებობდა, მათ შორის ერთ-ერთმა ინვესტორმა 80 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აქციათა შეძენაზე ინტერესი გამოხატა, თუმცა პოტენციურ მყიდველთა საკმარისი რაოდენობა მაინც ვერ შეგროვდა იმ დროისთვის, როცა ინტერესის გამოხატვის ვადა ამოიწურა 23 მაისს.

Exit mobile version