საქართველო ნატოს ჩიკაგოს სამიტის დეკლარაციაში

ნატოს ლიდერთა ჩიკაგოს სამიტის დეკლარაცია მიესალმება ევრო–ატლანტიკური მისწრაფების გზაზე საქართველოს მიერ რეფორმების განხორციელების საქმეში მიღწეულ პროგრესს და წინა დეკლარაციების მსგავსად, კიდევ ერთხელ იმეორებს ალიანსის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ერთ დღესაც ნატოს წევრი გახდება.

დეკლარაცია იმეორებს 2010 წლის ლისაბონის სამიტის დასკვნითი დოკუმენტის ფორმულირებას და აცხადებს: „2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ იმ გადაწყვეტილების და ასევე მომდევნო გადაწყვეტილებების ყველა ელემენტს“.

2009 წელს სტრასბურგსა და კელში გამართულ სამიტზე ნატოს ლიდერებმა განაცხადეს, რომ ყოველწლიური ეროვნული პროგრამა დაეხმარება საქართველოს რეფორმების წინ წაწევაში, თუმცა იმავე სამიტის გადაწყვეტილებით წევრობის სამოქმედო გეგმა, ანუ MAP, კვლავაც დარჩა იმ საკითხად, რომელზეც ალიანსს გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, სანამ საქართველო ნატოსთან ინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე გადავა. საქართველოს MAP–ის მიცემაზე უარი ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე უთხრეს.

ჩიკაგოს სამიტის დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ნატო–საქართველოს კომისიას და საქართველოს ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამას „ცენტრალური როლი აკისრია იმ პროცესის ზედამხედველობაში, რომელიც ბუქარესტის სამიტზე დაიწყო“.

„ჩვენ მივესალმებით საქართველოს პროგრესს ბუქარესტის სამიტის შემდეგ, რათა რეფორმების გზით, თავისი ყოველწლიური ეროვნული პროგრამის და ნატო–საქართველოს კომისიაში ალიანსთან აქტიური პოლიტიკური ჩართულობით მიაღწიოს თავის ევრო–ატლანტიკურ მისწრაფებებს. ამ კონტექსტში ჩვენ შევთანხმდით გავაფართოვოთ საქართველოს კავშირი ალიანსთან, მათ შორის საქართველოსთან ჩვენი პოლიტიკური დიალოგის, პრაქტიკული თანამშრომლობის და თავსებადობის შემდგომი გაძლიერების გზით“, – ნათქვამია დეკლარაციაში.

დეკლარაციის თანახმად, ნატო მიესალმება და აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, მათ შორის დემოკრატიულ, საარჩევნო, სასამართლო სისტემის, უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროებში. 

„ჩვენ ხაზს ვუსვამთ 2012 და 2013 წლებში თავისუფალი, სამართლიანი და ასევე ისეთი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას, რომელშიც მონაწილეობის საშუალება ყველას ექნება“, – ნათქვამია დეკლარაციაში.

დეკლარაცია ცალკე აღნიშნავს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას კოლეგებთან ოთხი ქვეყნიდან – მაკედონიიდან, მონტენეგროდან, ბოსნია და ჰერცეგოვინადან და საქართველოდან, რომლებიც „ნატოს წევრობისკენ ისწრაფვიან“. 

შეხვედრა, რომელიც ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში 21 მაისს იმართება, ამ ქვეყნების ინდივიდუალურ პროგრესს შეაფასებს, „დაგეგმავს მომავალ თანამშრომლობას და მოხდება ჩვენს პარტნიორებთან შეხედულებების გაცვლა“.

„ჩვენ მადლიერი ვართ პარტნიორებისა, რომლებიც ნატოს წევრობისკენ ისწრაფვიან, იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც მათ ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში შეაქვთ და რომელიც წარმოაჩენს მათ ერთგულებას უსაფრთხოების კუთხით არსებული ჩვენი საერთო მიზნების მიმართ“, – ნათქვამია დეკლარაციაში.

დეკლარაციის მიღებამდე პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 20 მაისს, რომ საქართველოს ჩასმა ბალკანეთის სამი ასპირანტი ქვეყნის კონტექსტში ერთ–ერთი ის პოზიტიური ელემენტია, რომელსაც თბილისი წლევანდელი ნატოს სამიტისგან იღებს.

დეკლარაცია იმეორებს ნატოს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მიესალმება საქართველოს „სრულ შესაბამისობას“ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან და „ასევე სხვა ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ცალმხრივ ზომებს“. აქვე ალიანსი მიესალმება ძალის არ გამოყენების შესახებ თბილისის პირობას და „რუსეთს ანალოგიური ქმედებისკენ მოუწოდებს“.

2009 და 2010 წლების სამიტების ორი დეკლარაციის მსგავსად, ჩიკაგოს სამიტის საბოლოო დოკუმენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს „გააუქმოს საქართველოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონების აღიარება“.

დეკლარაცია, რომელიც მიესალმება „მნიშვნელოვან პროგრესს“ ნატო–რუსეთის თანამშრომლობაში, ასევე აცხადებს, რომ ალიანსი ისევ „შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ძალების ზრდით“ და კვლავაც მოუწოდებს რუსეთს „ჰუმანიტარული დახმარების და საერთაშორისო დამკვირვებლების თავისუფალი შესვლა უზრუნველყოს“ სეპარატისტულ რეგიონებში.

დეკლარაცია ასევე გამოხატავს ნატოს მადლიერებას „ევრო–ატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს, როგორც ISAF–ში სამხედრო ძალების მეორე მსხვილი ნატოს არაწევრი კონტრიბუტორის, მნიშვნელოვანი წვლილის გამო“.

Exit mobile version