სააკაშვილი: თბილისი მოსკოვის მიმართ ‘ცალმხრივ კონსტრუქციულ დამოკიდებულებას’ ინარჩუნებს

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი განაგრძობს ქართული ტერიტორიების ოკუპაციას, თბილისი მოსკოვის მიმართ კვლავ „ცალმხრივი კონსტრუქციულობის“ პოლიტიკას აწარმოებს, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 9 მაისს.

„დღევანდელი სიტუაციის ცინიზმი“ ფაშისტური გერმანიის დამარცხებიდან 67 წლის თავზე, განაცხადა მან, „გამოიხატება იმაში, რომ საბჭოთა კავშირის ყოფილი ხალხების ტერიტორიაზე ისევ გაჩნდნენ ოკუპანტები და ოკუპირებულები“.

„მე მინდა შეგახსენოთ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის და ძალიან ბევრი სხვა საერთაშორისო რეზოლუციის გადაწყვეტილებით, რუსეთი ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის უკანონო სამხედრო ოკუპაციას“, – განაცხადა სააკაშვილმა 9 მაისს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კონფერენციაზე ბათუმში.

„რუსეთმა მიაღწია იმას და ეს არის, მე ვფიქრობ, შეურაცხყოფა რუსი ხალხის მისი მთავრობის მიერ, რომ  ქვეყანა, რომელიც გამარჯვებული იყო სხვა ერებთან ერთად ფაშისტ ოკუპანტებთან ბრძოლაში, თვითონ არის დღეს საერთაშორისო ტერმინოლოგიით აღწერილი, როგორც ოკუპანტი“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, საქართველომ გამოაცხადა „ცალმხრივი კონსტუქციული დამოკიდებულება“ რუსების მიმართ.

„მე არ ვიცი სხვა ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც ეს გაუკეთებია ბოლო წლების განმავლობაში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ჩვენ გავაუქმეთ ცალმხრივად იმ პირობებში, როდესაც ქართველებისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია თითქმის რუსეთის ვიზების მიღება, ჩვენ გავაუქმეთ ვიზები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის. მიუხედავად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრავალმხრივი შემაშინებელი გაფრთხილებისა, რომ საქართველოში მათ ემუქრებათ საფრთხე, უკვე არის პრაქტიკულად აფეთქება ციფრებში რუსი ტურისტების აქ ჩამოსვლის“, – განაცხადა მან.

„ეს არის ის, რაც არის საქართველოს მიდგომა. საქართველოს მიდგომა არის, რომ არც ერთ ქვეყანას არ უნდა სჭირდებოდეს ვიზებით შემოსვლა“, – განაცხადა სააკაშვილმა, „ამას ჩვენთვის აქვს უსაფრთხოების და პოლიტიკური ასპექტი. ჩვენთვის ერთი მილიონი რუსის ჩამოსვლა საქართველოში არა უბრალოდ ეკონომიკური საკითხია, ეს არის საკითხი, რომ ერთი მილიონი რუსეთის მოქალაქე წაიღებს სიმართლეს საქართველოზე თავის ქვეყანაში“, – განაცხადა მან.

სააკაშვილმა შარშანაც განაცხადა, რომ ძალის გამოუყენებლობის თაობაზე 2010 წელს გაკეთებული მისი ცალმხრივი დეკლარაცია, რომლის საპასუხო ნაბიჯის გადადგმაზეც რუსეთი უარს აცხადებს, მოსკოვის მიმართ თბილისის „ცალმხრივი კონსტრუქციული დამოკიდებულების“ ნაწილია.  

Exit mobile version