მიწისძვრა აღმოსავლეთ საქართველოში

5.7 მაგნიტუდის მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრიც აზერბაიჯანში საქართველოს საზღვრის სიახლოვეს იყო, ორშაბათს დილის 08:40 საათზე მოხდა და მისი ბიძგები აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქშიც იგრძნობოდა, იტყობინება საქართველოს სეისმური მონიტორინგის ცენტრი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ცენტრის ცნობით, ეპიცენტრი საქართველოდან 25 კილომეტრში, აზერბაიჯანში დაფიქსირდა.

აზერბაიჯანის სეისმური სამსახურის ცენტრი ასევე იტყობინება, რომ ეპიცენტრი ზაქათალას რაიონში იყო, თუმცა მისი ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 5.5 მაგნიტუდას შეადგენდა.

აშშ–ის მიწისძვრის ეროვნული საინფორმაციო ცენტრი კი იტყობინება, რომ აზერბაიჯანში, მიწისძვრის ეპიცენტრში ბიძგების სიმძლავრე 5.6 მაგნიტუდა იყო.

საქართველოს სეისმური მონიტორინგის ცენტრმა თავდაპირველად, 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრაზე გაავრცელა ცნობა, რომლის ეპიცენტრად დედოფლისწყაროს რაიონის სოფელი ზემო ქედი დაასახელა.

აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მიწისძვრამ ეპიცენტრსა და მიმდებარე ტერიტორიებზე შენობებს ბზარების გაუჩინა და სახლები დააზიანა. დედოფლისწყაროს რაიონში რაიმე სახის ზარალის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.

Exit mobile version