სახალხო დამცველი ჟურნალისტთა უფლებადარღვევის ფაქტების გამოძიებას ითხოვს

სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში მოუწოდებს მთავარ პროკურორს ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა რეგიონული ჟურნალისტების უფლებების დარღვევის ფაქტებზე „სწრაფი და ეფექტური საგამოძიებო ღონისძიებების“ გაატაროს, რათა „უზრუნველყოფილ იქნას სამართალდამრღვევი პირების დასჯა, მედიის წარმომადგენელთა ფიზიკური უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობისათვის სათანადო გარემოს შექმნა“.

საუბარია ბოლო სამი დღის განმავლობაში მედია საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციებზე ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ზოგიერთი მათგანის შეურაცხყოფის ფაქტებთან დაკავშირებით, რაზეც სახალხო დამცველის აპარატი უშუალოდ დაზარალებულებისგან არის ინფორმირებული.

სახალხო დამცველის მიერ 4 მაისს გავრცელებულ განცხადებაში მოყვანილია რამოდენიმე კონკრეტული შემთხვევა: კერძოდ, 2 მაისს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გამართულ ღონისძიებაზე ჟურნალისტთა და მედია საშუალებათა ნაწილი არ დაუშვეს; 3 მაისს გაზეთ “P.S.“-ის ჟურნალისტს, რომელიც ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიმდინარე შეხვედრაზე არ დაუშვეს, მისივე თქმით, ოთხმა პირმა  ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ჩამოართვა აპარატურა, რაც მოგვიანებით დაუბრუნეს წაშლილი მასალით; ინფორმაციის მოპოვებისას პრობლემა შეექმნათ ასევე რადიო „ძველი ქალაქისა“ და გაზეთ „ვერსიას“ ჟურნალისტს და გაზეთ „ალიასა“ და ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტს; სახალხო დამცველის ინფორმაციით, პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება არ მიეცა tspress.ge–ს ჟურნალისტს, რომლის თქმითაც, პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლებმა ვიდეოგადამღები და ჩანთა წაართვეს და შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს; ბოლო ასეთი ფაქტი კი ზუგდიდში 4 მაისს დაფიქსირდა, როცა „ლაივპრესისა“ და „ნეტგაზეთის” რეპორტიორებს, რაიონულ პროკურატურასთან ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ადგილზე გადამოწმების და გადაღების საშუალება, მათივე თქმით, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა არ მისცეს, კამერები წაართვეს და მას შემდეგ დაუბრუნეს, რაც ჩაწერილი მასალა წაშალეს.

გიორგის ტუღუშის განცხადებით, მედიის თავისუფლება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და მის საქმიანობაში ნებისმიერი ჩარევა აკრძალული, ხოლო ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობის ხელის შეშლა სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედებაა.

„სახელმწიფოს ვალდებულებაა პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას თითოეულ ჟურნალისტს მისცეს საშუალება განახორციელოს მასზე დაკისრებული მოვალება, თავისუფლად მოიპოვოს ინფორმაცია“, – აცხადებს სახალხო დამცველი, „ამასთან სახელმწიფო ვალდებულია გაატაროს სათანადო ღონისძიებები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი ფიზიკური ხელშეუხებლობა“.

Exit mobile version