თბილისის მერიის თქმით, „ქართულ ოცნებას“ მანიფესტაციის ჩატარება 27 მაისს შეეძლება

ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებას“, რომელიც საარჩევნო კამპანიის დაწყებას ხალხმრავალი აქციით გეგმავს, თბილისში მანიფესტაციის ჩატარება 27 მაისს შეეძლება და არა 26 მაისს, რადგან დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დედაქალაქში რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი, განაცხადა თბილისის მერიის პრესსპიკერმა ბაჩო დოლიძემ 4 მაისს.

მისი ინფორმაციით, კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მანიფესტაციის გამართვასთან დაკავშირებით მერიას 1 მაისს წერილობით მიმართეს, სადაც მითითებული იყო მანიფესტაციის გამართვის ადგილები: თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი, კოსტავას და მელიქიშვილის ქუჩები. 

დოლიძის თქმით, მერიამ „არა ერთხელ დააანონსა“, რომ 26 მაისს იგეგმება სხვადასხვა სახის ღონისძიება მთელი ქალაქის მასშტაბით, მათ შორის „ქართული მრეწველობის აღლუმი რუსთაველის გამზირზე“.

„აქედან გამომდინარე აღნიშნულ პოლიტიკურ გაერთიანებებს შესაძლებლობა ექნებათ აღნიშნული მანიფესტაცია ჩაატარონ 27 მაისს“, – აღნიშნა მან.

ოპოზიციურმა კოალიციამ „ქართული ოცნება“ 27 აპრილს განაცხადა, რომ 26–27 მაისს ხალხმრავალი აქციის გამართვას გეგმავს და ამ მიზნით წინასწარ მიმართა თბილისის მერიას, ასევე ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონისა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ადმინისტრაციებს. 

4 მაისს ივანიშვილის პრესსამდივნომ განაცხადა, რომ ორშაბათს გააკეთებს განცხადებას აქციის გამართვის დღესთან დაკავშირებით, "იმის გამო, რომ 26-27 მაისს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი ღონისძიებები საზოგადოების დიდი ნაწილის დაინტერესებას იწვევს და სხვადასხვა მიზეზით ბევრი შეკითხვა ჩნდება".

 

Exit mobile version