აშშ და ევროკავშირი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებენ

ვაშინგტონი არ აღიარებს სეპარატისტულ აფხაზეთში 24 მარტს, ხოლო სამხრეთ ოსეთში 25 მარტს გამართული „დე ფაქტო არჩევნების“ ლეგიტიმურობას, აცხადებს აშშ–ის საელჩო საქართველოში.

„საქართველოს მოქალაქეთა დიდ ნაწილს, რომლებიც გამოდევნილი არიან თავიანთი სახლებიდან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, არც არჩევნებში მონაწილეობა შეეძლოთ და არც იმის შესაძლებლობა აქვთ, რომ დაბრუნდნენ თავიან სახლებში“, – აცხადებს საელჩო. 

24 მარტით დათარიღებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

„ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, მათ შორის გაიყვანოს ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი დაშვება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში“, – ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კეტრინ ეშტონის პრესსპიკერმა აღნიშნა 26 მარტს გავრცელებულ განცხადებაში, რომ ევროკავშირი „არ ცნობს იმ საკონსტიტუციო და სამართლებრივ სისტემას“, რომლის ფარგლებშიც სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში არჩევნები ჩატარდა.

„უმაღლესი წარმომადგენელი კვლავ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, როგორც ეს საერთაშორისო სამართლითაა აღიარებული. ამ კონტექსტში უმაღლეს წარმომადგენელს სურს ხაზი გაუსვას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში“, – ნათქვამია განცხადებაში. 

Exit mobile version