ვესტერველე საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდო ვესტერველე 15 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას. 2012 წელს საქართველოს და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 20 წლისთავი აღინიშნება. ეს პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც 1992 წლის აპრილში თბილისში საელჩო გახსნა. ფოტო: მარკო ფიბერი 

გერმანია მიესალმება საქართველოს „ამბიციურ“ ევროპულ არჩევანს და აქტიურად დაუჭერს მხარს საქართველოს დაახლოებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, რასაც დემოკრატიული და ინსტიტუციონალური რეფორმები დასჭირდება, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდო ვესტერველემ 15 მარტს თბილისში ვიზიტის დროს.

ვესტერველე თბილისს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ესტუმრა, რომლის დროსაც ის პრეზიდენტ სააკაშვილს, თავის ქართველ კოლეგას გრიგოლ ვაშაძეს, სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს და ასევე ექს–პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს შეხვდა. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების წინაშე გამოსვლისას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველომ 2004 წლის შემდეგ „მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ამბიციური რეფორმების განხორციელების საქმეში“ და დასძინა, რომ წარმატებული ტრანსფორმაცია დამოკიდებულია დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, რომელიც გულისხმობს „არა მხოლოდ დემოკრატიულ მთავრობას, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან და კრიტიკულ ოპოზიციას“.

„ძალაუფლების მოპოვების ყველა დემოკრატიულ პრეტენდენტს თანაბარი პირობები სჭირდება“, – განაცხადა მან, „ოპოზიციის უფლებების პატივისცემა, მედიის თავისუფალი ხელმისაწვდომობა, დაფინანსების სამართლიანი და გამჭირვალე წესები და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა აუცილებელია“.  

რაც შეეხება საქართველოს ინტეგრაციას ნატოში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი „კვლავ რჩება ჩვენს მიზნად“.

„დემოკრატიული და ინსტიტუციონალური რეფორმებია საჭირო იმისათვის, რომ საქართველო ნატოს დაუახლოვდეს“, – განაცხადა ვესტერველემ, „ახლა ჩვენ ნატოსთან საქართველოს გაფართოებული კავშირის (Enhanced Connectivity) ახალ გეგმაზე ვმუშაობთ. ეს რეფორმების ხელშეწყობისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის“.


პრეზიდენტი სააკაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს გიდო ვესტერველეს პრეზიდენტის სასახლეში 15 მარტს გამართული შეხვედრის დროს ახალი პარლამენტის შენობის მაკეტს აჩვენებს. ფოტო: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ–გვერდი.

ამ კონტექტსში მან ასევე ახსენა საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის ოპერაციაში. მას შემდეგ, რაც ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციაში ქართველი სამხედროების რაოდენობა წელს 1600–ს გადააჭარბებს, საქართველო ნატოს ის არაწევრი სახელმწიფო გახდება, რომელსაც ყველაზე მეტი სამხედრო ეყოლება ავღანეთში.

„მაისში ჩიკაგოში ნატოს სამიტზე ჩვენ პატივს მივაგებთ ამ ნამდვილად ღირშესანიშნავ ჩართულობას“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომლის ქვეყანაც 4 800 ჯარისკაცით არის წარმოდგენილი ISAF-ის ოპერაციაში.

მისი თქმით, გერმანიას კარგი ურთიერთობები აქვს რუსეთთან, „მაგრამ ეს არასდროს ყოფილა საბაბი“ ბერლინისთვის, რომ „მკაფიოდ არ გამოეხატა“ მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თაობაზე ეჭვები არ უნდა არსებობდეს“, – განაცხადა მან, „ასევე ვფიქრობთ, რომ დროა გაიმართოს დიალოგი და თანამშრომლობის გზები გამოიძებნოს“.

„ჩვენ ნამდვილად გვჯერა, რომ საჭიროა ხიდები აიგოს იმ პარტნიორებთანაც კი, რომლებიც ზოგჯერ რთულები არიან – და მათ შორისაა რუსეთიც“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან ასევე განაცხადა, რომ გერმანია „მტკიცედ უჭერს მხარს აღმოსავლეთ პარტნიორობის კონკრეტულ პროექტებში რუსეთის ჩართვის იდეას“, რათა მოხდეს კავშირების დამყარება იმ ექვსი ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოს მიღმა, რომლებიც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის შემადგენლობაში შედიან – სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, ბელარუსი, საქართველო და უკრაინა.

„დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა მხარე მიიღებს სარგებელს საერთო თანამშრომლობიდან“, – განაცხადა მან. 

აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ეს ინიციატივა იმდენად არ გულისხმობს ევროკავშირში გაწევრიანებას, რამდენადაც ევროკავშირის ექვსი მეზობლის დაახლოებას ევროპასთან, „კარგი მმართველობის, კანონის უზენაესობის და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების გზაზე მათი მხარდაჭერით“.


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდო ვესტერველე საქართველოს ექს–პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს შეხვდა. ფოტო: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ–გვერდი.

მან განაცხადა, რომ „კარგი პროგრესია“ მიღწეული ევროკავშირი–საქართველოს თანამშრომლობის კუთხით, რაც ასევე გულისხმობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებას და დასძინა, რომ იგი ოპტომისტურად უყურებს იმას, რომ დიალოგი უვიზო მიმოსვლაზე „მალე“ დაიწყება. „ჩვენ ვხედავთ უვიზო რეჟიმით გაერთიანებულ სამხრეთ კავკასიას და ევროკავშირს“, – განაცხადა მან.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირის და გერმანიის ახლო თანამშრომლობას საქართველოსთან ბევრი მიღწევა გააჩნია და „ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ“ ამით.

„თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ საკმარის პროგრესს ვერ მივაღწიეთ იმ კონფლიქტების მოგვარების საქმეში, რომელთაც კვლავ გაყოფილი აქვთ რეგიონი და მის განვითარებას აფერხებენ“, – განაცხადა მან, „ასიათასობით ადამიანი კვლავ დევნილობაშია, ოჯახები კვლავ დაყოფილია“.

იგი მიესალმა საქართველოს მიერ 2010 წლის ბოლოს დადებულ პირობას ძალის გამოუყენებლობის თაობაზე და ასევე მიესალმა „საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ჩართულობის თაობაზე“.

"საბოლოო ჯამში, ხიდები და არა საზღვრები უწყობენ ხელს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას", – განაცხადა მან.

თბილისში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც ასევე ახლდა გერმანიის მთავრობის რწმუნებული ადამიანის უფლებათა საკითხებში მარკუს ლიონინგი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და ოპოზიციურ პოლიტიკოსებს შეხვდა. შეხვედრას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიდან ესწრებდნენ რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი და ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია, ორივე ბიძინა ივანიშვილის კოალიდიიცან და ასევე  მაგდა ანიკაშვილი ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან.

Exit mobile version