ავღანეთში ვიზიტის ფარგლებში აშშ–ის თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ 14 მარტს ჰელმანდის პროვინციაში ქართველი სამხედროებიც მოინახულა, განაცხადა აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტმა.
„თქვენ იმ საერთაშორისო პარტნიორობის მაგალითი ხართ, რომელიც ავღანეთში სტაბილურობისთვის იბრძვის“, – განუცხადა პანეტამ ქართველ სამხედროებს ბაზა „შუკვანზე“, რომელსაც თებერვალში პრეზიდენტი სააკაშვილიც სტუმრობდა.
„ვერც კი გეტყვით იმდენად ვაფასებთ თქვენს სამსახურს თქვენი ქვეყნისთვის და ავღანეთისთვის“, – განაცხადა აშშ–ის თავდაცვის მდივანმა.
წელს საქართველო ქვეითთა კიდევ ერთი ბატალიონის გაგზავნას გეგმავს ავღანეთში, რომლებიც დაემატებიან იმ 936 ქართველ ჯარისკაცს, ვინც უკვე მსახურობს ნატოს ეგიდით მიმდინარე ISAF-ის ოპერაციაში. დამატებითი ბატალიონის გაგზავნის შემდეგ – რაც 749 სამხედროს შეადგენს – საქართველო ნატოს ის არაწევრი სახელმწიფო იქნება, რომელსაც ყველაზე მეტი სამხედრო ეყოლება ავღანეთში.
ISAF-ის ოპერაციაში ჩართვის შემდეგ საქართველომ 15 სამხედრო დაკარგა ავღანეთში – ყველა მათგანი ჰელმანდის პროვინციაში.
ქართველ სამხედროებთან სტუმრობისას ლეონ პანეტამ მათ ავღანეთში დაჭრილი ვიცე-პოლკოვნიკ ალექსანდრე ტუღუშის წერილი წაუკითხა, რომელმაც დეკემბერში ნაღმის აფეთქების შედეგად ორივე ფეხი დაკარგა და რომელიც ამჟამად აშშ-ში, ბეთესდაში მდებარე ვალტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში რეაბილიტაციის კურსს გადის. პრეზიდენტმა ობამამ ალექსანდრე ტუღუში 2 მარტს მოინახულა, როდესაც ის ვალტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრს სტუმრობდა ერაყსა და ავღანეთში დაჭრილი სამხედროების მოსანახულებლად.