ლონდონის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის გახსნის ცერემონია საქართველოს ბანკის წარმომადგენლების მონაწილეობით, 28 თებერვალი. ფოტო ლონდონის საბონდო ბირჟის ვებ–გვერდიდან.
საქართველოს ბანკი, რომლის აქციები გლობალური სადეპოზიტო ხელწერილების (GDR) სახით ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2006 წლიდან იყო განთავსებული, 28 თებერვლიდან იმავე ბირჟის პრემიუმ ლისტინგში გადავიდა.
პრემიუმ ლისტინგში მოსახვედრად კომპანიებს მოეთხოვებათ დააკმაყოფილონ ბრიტანეთში მოქმედი მკაცრი რეგულაციები, მათ შორის კორპორატიული მართვისა და გამჭვირვალობის კუთხით.
„ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში გადასვლით, საქართველოს ბანკმა დააკმაყოფილა ბირჟის რეგულატორის მიერ მოთხოვნილი გამჭვირვალობის, ანგარიშგებისა და კორპორაციული მართვის უმაღლესი სტანდარტები. პრემიუმ–სეგმენტში მოხვედრა, ბანკს შესაძლებლობას მისცემს უფრო მარტივად მოიზიდოს მეტი კაპიტალი, გაზარდოს აქციების ლიკვიდურობა, გააფართოვოს ინვესტორთა ბაზა“, – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.
The Financial Times-ის ცნობით საქართველოს ბანკის აქციების ღირებულება 19%–ით გაიზარდა და 381 მილიონი ბრიტანული ფუნტი შეადგინა.
ბანკის ცნობით პრემიუმ სეგმენტში შესვლით, ახლა ის ექვემდებარება FTSE 250 ინდექსში შესვლას.
FTSE 100 არის ინდექსი, რომელშიც შედის ლონდონის საფონდო ბირჟაზე არსებული ასი უმსხვილესი კაპიტალიზაციის მქონე კომპანია, ხოლო კაპიტალიზაციის სიდიდით შემდგომ 250 კომპანიას უკვე FTSE 250 ინდექსი მოიცავს.
The Financial Times-ის თანახმად სამხრეთ აფრიკული Investec-ის შემდეგ, საქართველოს ბანკი გახდა მეორე არა ბრიტანული ბანკი, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში მოხვდა.
ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში გადასვლას წინ უძღოდა ბანკის მიერ ბრიტანეთში ახალი კომპანიის დაფუძნება Bank of Georgia Holdings plc (BGH), რომელმაც შარშან დეკემბერში საქართველოს ბანკის ყველა ჩვეულებრივი აქციაზე სატენდერო შეთავაზება გამოაცხადა.