ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში კარელ დე გუხტი 28 თებერვალს თბილისს ეწვევა და საქართველოსთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებს მას შემდეგ, რაც ერთი დღით ადრე იგივე მიზნით მოლდოვას ეწვევა, ნათქვამია კარელ დე გუხტის სამსახურის მიერ გავრცელებულ პრეს–რელიზში.
საქართველოში კარელ დე გუხტი პრემიერ–მინისტრ ნიკა გილაურს შეხვდება „იმ პარამეტრების დასადასტურებლად, რომლის ფარგლებშიც მთავარი მომლაპარაკებლები იმუშავებენ“ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პროცესში.
„თავისუფალი სავაჭრო სივრცე მთავარი მექანიზმი იქნება ევროკავშირთან მოლდოვას და საქართველოს სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების განვითარებისთვის“, – განაცხადა კარელ დე გუხტმა, „დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოლაპარაკებები სწრაფად განვითარდება და ევროკავშირთან უფრო ახლო ეკონომიკურ კავშირებს გაუკვალავს გზას. მოლაპარაკებების დაწყება ადასტურებს ევროკავშირის მზადყოფნას გააღრმავოს პროგრესული ეკონომიკური ინტეგრაცია და პოლიტიკური ასოცირება ჩვენ აღმოსავლელ პარტნიორებთან“.
საქართველოსთან და მოლდოვასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება ევროკავშირმა 2011 წლის დეკემბერში მიიღო. ევროკავშირმა განაცხადა, რომ ორივე ქვეყანამ „მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა ძირითად სავაჭრო და ინვესტიციებთან დაკავშირებულ მარეგულირებელ სფეროებში, განსაკუთრებით ტექნიკური რეგულირების, სანიტარული და ფიტოსანიტარული ღონისძიებების განხორციელების, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების და კონკურენციის წესების დაცვის სფეროებში“.
2011 წელს საქართველოსთან ევროკავშირის ორმხრივმა სასაქონლო ვაჭრობამ 2.2 მილიარდი ევრო შეადგინა, ხოლო მოლდოვასთან – 2.7 მილიარდი ევრო.