თურქეთმა, რომლის, დაახლოებით, 1 845 ჯარისკაცი მონაწილეობს ISAF-ის ოპერაციაში, მწუხარება გამოთქვა ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში 21 თებერვალს სამი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო.
„აღშფოთებას გამოვთქვამთ რა აღნიშნული ტეროტისტული აქტის გამო, ვიზიარებთ მეგობარი და მეზობელი ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის მწუხარებას“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 23 თებერვალს თავის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საქართველომ უკვე 15 სამხედრო დაკარგა მას შემდეგ, რაც ქვეყანა 2009 წლის ნოემბერში ნატოს ISAF-ის მისიას შეუერთდა. საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის ეს ყველაზე დიდი მსხვერპლია 2010 წლის ოქტომბრის შემთხვევის შემდეგ, როდესაც ნაღმის აფეთქებას ოთხი ქართველი სამხედრო შეეწირა.
ISAF-ის ინფორმაციით, 21 თებერვალს სამი სამხედრო დაიღუპა, „მას შემდეგ, რაც თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა“.
23 თებერვალს აშშ–ის თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ სამძიმრის გამოსახატად საქართველოს თავდაცვის მინისტრს ბაჩო ახალაიას დაურეკა, იტყობინება აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტი.
„თავდაცვის მდივანმა მადლობა გადაუხადა თავის ქართველ კოლეგას მისი ქვეყნის მიერ საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების მისიისთვის მიმდინარე მხარდაჭერის გამო… პანეტამ ავღანეთში მომსახურე ქართველი ჯარისკაცები მათი გამორჩეული საქმიანობის გამოც შეაქო“, – იტყობინება აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტი.
პანეტამ ახალაიას მაშინ დაურეკა, როდესაც საქართველოს რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში აშშ–ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე სელესტა ვოლანდერი სტუმრობდა.
საქართველო წელს კიდევ ერთი ბატალიონის გაგზავნას გეგმავს ავღანეთში; შედეგად იმ ქართველ სამხედროთა რაოდენობა, რომლებიც ISAF–ის ოპერაციაში მონაწილეობენ, 1 685–მდე გაიზრდება.