საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა გარდაბანში ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე თურქულ კომპანია Misman –თან მემორანდუმი გააფორმა.
დაგეგმილი თბოელექტროსადგურის სიმძლავრე 160 მეგავატი იქნება, განაცხადა ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანიის, საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკურლი კორპორაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ნათია თურნავამ.
მისი თქმით, ელეტროსადგურისთვის ქვანახშირის მოწოდება ტყიბულის მაღაროდან განხორციელდება. ტყიბულის ქვანახშირის მაღაროს მფლობელი ინდუსტრიული ჯგუფია, ჰოლდინგი რომლის ბიზნეს ინტერესებიც სხვადასხვა სფეროს მოიცავს, დაწყებული ენერგეტიკიდან და დამთავრებული უძრავი ქონებით.
მემორანდუმის ხელმოწერა საქართველო–თურქეთი–აზერბაიჯანის ბიზნეს ფორუმის ფარგლებში შედგა, რომელიც თბილისში 16 თებერვალს გაიმართა და რომელიც სამი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრებმა გახსნეს.