საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 15 თებერვალს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 6.5%–ზე დატოვა.
წლიურმა ინფლაციამ იანვარში 0.5% შეადგინა, რაც 2009 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა 15 თებერვალს, რომ წლის მეორე ნახევრიდან ინფლაცია შესაძლოა გაიზარდოს და 2012 წლის ბოლოსთვის საპროგნოზო მაჩვენებელს, 6%–ს მიაღწიოს.
მიუხედავად ინფლაციის დაბალი მაჩვენებლისა, წლის ბოლოს რეალური გაცვლითი კურსი გამყარდა, რაც „ხელს უწყობს სავაჭრო დეფიციტის გაზრდას, ხოლო მეორე მხრივ, მოთხოვნის შესუსტებას განაპირობებს“, განაცხადა ეროვნულმა ბანკმა.
გასული წლის მეოთხე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოსალოდნელზე მაღალი ზრდის ტემპი დაფიქსირდა, შედეგად წლიური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლი 6.8 პროცენტს შეადგენს, ხოლო იანვრის თვეში გაიზარდა ფულადი გზავნილების შემოდინებები – ამ მაჩვენებელმა 13.4%–ით გადააჭარბა გასული წლის იანვრის მაჩვენებელს.
ეროვნული ბანკის თქმით, სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით გადაწყვიტა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, რომ განაკვეთი უცვლელად დაეტოვებინა.
ბოლო ოთხი თვის მანძილზე ეროვნული ბანკი თანდათან ამცირებდა განაკვეთს 7.5%–დან.