რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანატოლი ანტონოვმა განუცხადა ჟურნალისტებს 2 თებერვალს, რომ აშშ–ის მიერ საქართველოსთვის იარაღის მიწოდება, თუ ასეთი გადაწყვეტილება ნამდვილად მიღებულია, კავკასიის რეგიონის დესტაბილიზაციას გამოიწვევს.
„ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით სააკაშვილის რეჟიმისთვის იარაღის ნებისმიერ მიწოდებას. თუ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია, ეს კავკასიაში სიტუაციის დესტაბილიზაციას გამოიწვევს“, – იტყობინება „რია ნოვოსტი“ ანტონოვის სიტყვებზე დაყრდნობით 2 თებერვალს.
საქართველოს და აშშ–ის პრეზიდენტებს შორის 30 იანვარს თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის პრეზიდენტმა სააკაშვილმა რამდენიმეჯერ გაუსვეს ხაზი, რომ მიღწეულია შეთანხმება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე.
როდესაც აშშ-თან თავდაცვის სფეროში ურთიერთობის გაღრმავებაზე საუბრობენ, საქართველოს ოფიციალური პირები არ იყენებენ ტერმინებს „იარაღის მიყიდვა“ ან „იარაღის მოწოდება“; ისინი იყენებენ ტერმინებს: თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის „ახალი ეტაპზე“ გადასვლა და ამ თანამშრომლობის „ახალ საფეხურზე აყვანა“, „უფრო მეტი აქცენტის გაკეთდება უშუალოდ საქართველოს თავდაცვისუნარიონობის გაზრდაზე“.
თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა 30 იანვარს: „ჩვენ ვისაუბრეთ, თუ როგორ შეიძლება გავაძლიეროთ თავდაცვით სფეროში ჩვენი თანამშრომლობა; საკითხთა ფართო წრეა, რომლებზეც ჩვენ ერთად ვმუშაობთ“.
ამავე შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ობამას ადმინისტრაციას „თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შემდგომ ეტაპზე აყვანისთვის“ და „საქართველოს თავდაცვსიუნარიანობის განვითარების“ აუცილებლობის აღნიშვნისთვის.