საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ბრიუსელში იმყოფება, სადაც ნატოს წევრი სახელმწიფოების და 20 პარტნიორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები 2–3 თებერვალს შეხვედრას მართავენ, რათა მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის ავღანეთზე იმსჯელონ.
მინისტერიალის ფარგლებში ახალაია ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს აშშ–ის თავდაცვის მდივანთან ლეონ პანეტასთან, განუცხადა 2 თებერვალს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა სალომე მახარაძემ Civil.ge-ს ტელეფონით ბრიუსელიდან.
საქართველოს ელჩმა აშშ–ში თემურ იაკობაშვილმა აშშ–ის და საქართველოს პრეზიდენტებს შორის 30 იანვარს ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გადაწყდა, რომ საქართველოს დელეგაცია აშშ–ის ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან გამართავს მოლაპარაკებებს – მათ შორის დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და აშშ–ის თავდაცვის მდივანს შორის – რათა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების ახალ დონეზე აყვანის საკითხი განიხილონ, რაც საქართველოს საკუთარი თავის უკეთ დაცვაში დაეხმარება.
საქართველოს ვიცე–პრემიერმა და სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ განაცხადა 1 თებერვალს, რომ „დადგა ის მომენტი, როდესაც თვისობრივად ახალ საფეხურზე უნდა ავიდეს ამერიკა–საქართველოს თანამშრომლობა სამხედრო სფეროში“. მან განუცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს, რომ თანამშრომლობის ეს ახალი საფეხური მოიცავს არა მარტო პარტნიორობას საერთაშორისო ოპერაციებში, როგორც ავღანეთში, არამედ „უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს უშუალოდ საქართველოს თავდაცვისუნარიანობაზე“.