სეპარატისტულ აფხაზეთში განთავსებული რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის მესაზღვრეებისთვის და მათი ოჯახებისთვის სოხუმში საცხოვრებელი კომპლექსი შენდება.
კომპლექსი, რომლის მშენებლობაც წელს დასრულდება, უმსხვილესი იქნება იმ დასახლებებს შორის, რომლებიც რუსი მესაზღვრეებისთვის აფხაზეთში აშენდა, იტყობინებოდა „აფსნიპრესი“ 18 იანვარს.
კომპლექსი, რომელსაც სოჭის სამშენებლო ფირმა აშენებს, მოიცავს ექვს საცხოვრებელ სახლს და ერთ ადმინისტრაციულ შენობას.
2009 წლის აპრილში სოხუმთან „აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის დაცვისთვის ერთობლივი ძალისხმევის“ შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთმა სეპარატისტულ რეგიონში მისი მესაზღვრეებისთვის ოთხი დასახლება ააშენა.
მათგან უმსხვილესი გალის რაიონის სოფელ ოტობაიაშია განთავსებული. დასახლება, რომელიც ხუთ ჰექტარზეა განთავსებული, შეიცავს ოთხსართულიან საცხოვრებელ სახლებს, სადაც რუსი მესაზღვრეებისა და მათი ოჯახებისთვის სულ 50 ბინაა.
დანარჩენი სამი დასახლება უფრო მცირე ზომისაა; ერთი გალის რაიონის სოფელ ფიჩორში მდებარეობს, მეორე ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოქუმში, ხოლო მესამე ახალ ათონში.
2009 წელს საზღვრის დაცვის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის დროს სეპარატისტული აფხაზეთის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ რეგიონში რუსეთის შეიარაღებული ძალების გარდა, დაახლოებით, 1 340 რუსი მესაზღვრე განთავსდებოდა.