საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა 18 იანვარს, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 6.5%–მდე შეამციროს, ვინაიდან დეკემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი კვლავ „დაბალ დონეზე“ შენარჩუნდა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, წლიურმა ინფლაციამ დეკემბერში 2% შეადგინა. საქართველოს წლიურმა ინფლაციამ შემცირება ივნისიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც 2011 წლის მაისში 14.3%–ი შეადგინა.
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება 8%–დან 2011 წლის ივლისში დაიწყო.
„არსებული პროგნოზებით წლის პირველ ნახევარში ინფლაცია დაბალ დონეზე შენარჩუნდება. ზაფხულიდან შესაძლოა ეს ტენდენცია შეიცვალოს, თუმცა ეს მაჩვენებელი კვლავ მიზნობრივ დონეზე ნაკლები იქნება“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ 18 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში. „ბოლო პერიოდში აღინიშნება სავაჭრო ბალანსის დეფიციტის ზრდა… ევროკავშირის ქვეყნებში ეკონომიკური აქტივობის მოსალოდნელი შემცირება საქართველოს სავაჭრო ბალანსზეც მოახდენს გავლენას, რაც შესაძლოა ქვეყნის ერთობლივი მოთხოვნის დამატებით შესუსტებაში აისახოს“.