ობამა სააკაშვილს შეხვდება

პრეზიდენტი ობამა თავის ქართველ კოლეგას მიხეილ სააკაშვილს 30 იანვარს თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში მიიღებს, განაცხადა თეთრმა სახლმა.

ამავე განცხადების თანახმად, 2012 წელს აღინიშნება აშშ–ის და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 20 წლისთავი და ორი პრეზიდენტი „ვაჭრობის, ტურიზმის, ენერგეტიკის, მეცნიერების, განათლების, კულტურის და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების გზით“ 2009 წელს ხელმოწერილი აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შედგომი გაძლიერების საკითხს განიხილავს. 

„პრეზიდენტი ობამა ხაზს გაუსვამს საქართველოსთან თავდაცვის სფეროში ჩვენი  თანამშრომლობის მნიშვნელობას, მათ შორის საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ავღანეთის საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში“, – განაცხადა თეთრმა სახლმა.

„პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს აშშ–ის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მისი საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

„პრეზიდენტს ასევე სურს საქართველოს მომავალი არჩევნები და რეფორმები განიხილოს, რაც უზრუნველყოფს საქართველოს შემდგომ ტრანსფორმაციას აქტიურ და სტაბილურ დემოკრატიულ სახელმწიფოდ“, – განაცხადა თეთრმა სახლმა.

პრეზიდენტმა ობამამ პირველად მიიწვია სააკაშვილი ოვალურ დარბაზში. ორ პრეზიდენტს შორის პირისპირ შეხვედრა 2010 წლის ნოემბერში ლისაბონში ნატოს სამიტის ფარგლებში გაიმართა. 2011 წლის იანვარში ორმა პრეზიდენტმა ხანმოკლე შეხვედრა გამართა ვაშინგტონში ამერიკელი დიპლომატის რიჩარდ ჰოლბრუკის  ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ.

წელს ასევე მოსალოდნელია აშშ–ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტი საქართველოში. 

"საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ეს არის, პირველ რიგში, ხაზგასმა იმ სპეციალური ურთიერთობების, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენ ქვეყნებსა და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს შორის", – განუცხადა საქართველოს ელჩმა აშშ–ში, თემურ იაკობაშვილმა "რუსთავი 2"–ს.

Exit mobile version