შპს „საქართველოს რკინიგზამ“ 9 იანვარს განაცხადა, რომ 2011 წელს წმინდა მოგების ზრდამ 43% შეადგინა.
შპს ”საქართველოს რკინიგზის” გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ეზუგბაიამ განაცხადა, რომ წმინდა მოგება 2010 წელს არსებული 101.5 მილიონი ლარიდან 145 მილიონ ლარამდე გაიზარდა 2011 წელს.
კომპანიის ინფორმაციით, 2011 წლის მოგების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრი EBITDA (მოგება ცვეთამდე, საპროცენტო ხარჯამდე და გადასახადებამდე) 33%-ით გაიზარდა და 272 მილიონი ლარი შეადგინა.
„საქართველოს რკინიგზამ“, რომელიც მთლიანად სახელმწიფოს მფლობელობაშია და რომელიც ერთ–ერთ უმსხვილეს გადამხდელს და დამსაქმებელ კომპანიას წარმოადგენს, 2010 წლის ივლისში საფინანსო ბაზრებზე ხუთწლიანი ვადით 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციები განათავსა.
კომპანიის თქმით, იგი აპირებს, რომ დამატებითი სესხების აღების გარეშე განახორციელოს ერთ–ერთი მთავარი საინვესტიციო პროექტი, რაც თბილისში შემოვლითი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს.
2010 წლის მარტში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თანხმობა განაცხადა „საქართველოს რკინიგზისთვის“ 100 მილიონი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის თაობაზე, რომელიც თბილისის ცენტრიდან სარკინიგზო ხაზის ქალაქის ჩრდილოეთით, 10 კილომეტრის მოშორებით გადატანას მოხმარდებოდა. რკინიგზის გადატანის შედეგად ქალაქის ცენტრში 70 ჰექტარზე მეტი მიწა გამოთავისუფლდება ურბანული განვითარების პროექტებისთვის. თუმცა, 2011 წლის ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „საქართველოს რკინიგზა“ შემოვლითი ხაზის მშენებლობას EBRD–ის სესხის გარეშე განახორციელებს.
2011 წლის დეკემბერში სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-მა შპს „საქართველოს რკინიგზას“ საკრედიტო რეიტინგი გაზარდა B+ პოზიტიურიდან BB- სტაბილურამდე.
საქართველოს მთავრობა გასულ წელს სახელმწიფო კომპანიების, მათ შორის „საქართველოს რკინიგზის“ აქციების გატანას გეგმავდა საერთაშორისო ბირჟებზე გასაყიდად. თუმცა, მოგვიანებით მთავრობამ გადადო ეს გეგმა „საერთაშორისო ბირჟების ძალიან ცუდი მდგომარეობის გამო“.