დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრი კონსერვატიული პარტიიდან, ყოფილი თავდაცვის მდივანი ლაიამ ფოქსი საქართველოში იმყოფება და საქართველოს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს მართავს.
9 იანვარს იგი საქართველოს თავდაცვის მინისტრს ბაჩო ახალაიას შეხვდა და ISAF -ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის საკითხი, რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა და როგორც ფოქსმა აღნიშნა, „ირანის ბირთვული პროგრამის საფრთხეები“ განიხილა.
„უპირველეს ყოვლისა, როგორც ყოფილ თავდაცვის მდივანს ამ შეხვედრაზე მომეცა შესაძლებლობა საქართველოს მთავრობისათვის თავდაცვის მინისტრის მეშვეობით მადლობა გადამეხადა ავღანეთის მისიაში თანამშრომლობისათვის. საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს ძალიან აფასებენ როგორც გაერთიანებულ სამეფოში, ასევე მთლიანად ISAF-ის მისიაში“, – განაცხადა ლაიამ ფოქსმა.
„ჩვენ განვიხილეთ ავღანეთში არსებული მდგომარეობა და ის, თუ როგორ მოვახდინოთ რეაგირება იქ არსებულ ძალადობაზე. ვისაუბრეთ ირანში არსებულ მდგომარეობაზე, ირანის ბირთვული პროგრამის და რეგიონში არსებული არასტაბილურობის საფრთხეებზე, რაც, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს არა მხოლოდ რეგიონზე, არამედ უფრო ფართო გლობალურ სურათზე“, – განაცხადა მან.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მხარესთან თანამშრომლობის ძირითად მიმართულებას განათლების სფერო წარმოადგენს. BMATT-ის (British Military Advisory Training Team) პროგრამის ფარგლებში, ქართველი ინსტრუქტორები საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების საკითხებზე ქ. ვიშკოვოს (ჩეხეთის რესპუბლიკა) სამხედრო აკადემიაში ყოველწლიურად გადიან მომზადებას. საქართველოს თავდაცვის უწყებასთან სამუშაოდ ბრიტანეთმა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში მრჩეველი გამოაგზავნა.
ლაიამ ფოქსი, რომელიც ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდება შინაგან საქმეთა მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ საზღვარსაც ესტუმრა, რომელსაც მან „თავისუფალ საქართველოს“ და „ოკუპირებულ საქართველოს“ შორის არსებული „ოკუპაციის ხაზი“ უწოდა.
„ბატონი ფოქსი არის საქართველოს ძალიან დიდი მეგობარი“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ, „ჩვენ გვქონდა ურთიერთგაცვლა მთელ რიგ საკითხებზე, ძირითადად ეს ეხებოდა უსაფრთხოების საკითხებს. ჩვენ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ვღებულობთ, როგორც პოლიტიკურს, ისე სხვა სახის, ბრიტანეთის მხრიდან და ჩვენ გვქონდა სწორედ ამ საკითხების დეტალური განხილვა“.