აშშ–ის 2012 წლის თავდაცვის ხარჯების დოკუმენტი, რომლის ნაწილიც საქართველოს ეხება და მოიცავს მოწოდებას აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის „ნორმალიზების“ შესახებ, მათ შორის თბილისისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიყიდვის კუთხით, „აგრესიული“ ქმედებების განხორციელებისკენ საქართველოს წაქეზების ტოლფასია, განაცხადეს სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ცალ–ცალკე გაკეთებულ განცხადებებში.
„2008 წლის მოვლენების და საქართველოს მიერ პროვოკაციების გაგრძელების გათვალისწინებით, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დოკუმენტს რეგიონში დესტაბილიზაციის გაგრძელების პოლიტიკად განიხილავს“, – იტყობინება „აფსნიპრესი“ სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო უწყების მიერ 23 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით.
სოხუმმა მოუწოდა აშშ–ს „მკაფიოდ გააცნობიეროს ქართული არმიის შემდგომი აღჭურვის და მოდერნიზაციის შედეგები რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის თვალსაზრისით“.
ცხინვალმა უკვე „ბევრჯერ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას ნუ მოახდენენ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წაქეზებას ახალ ‘საგმირო’ ქმედებებზე. ფართო საერთაშორისო ემბარგოს დაწესება საქართველოსთვის, პირველ რიგში, თავდასხმითი შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე, მნიშვნელოვნად შეამცირებდა ქართული აგრესიის ხელახლა განმეორების საფრთხეს“, – განაცხადა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყებამ 21 დეკებერს.
მოსკოვს ჯერ არ მოუხდენია საჯარო რეაგირება დოკუმენტზე, რომელიც ასევე მიმართავს აშშ–ის ადმინისტრაციას მოუწოდოს „ნატოს წევრ და კანდიდატ ქვეყნებს განაახლონ და გააფართოვონ თავდაცვითი შეიარაღების და მომსახურების მიყიდვა საქართველოს რესპუბლიკისთვის ნატოს უფრო ფართო ძალისხმევის ფარგლებში, რათა გაღრმავდეს თავდაცვის სფეროში ურთიერთობა და თანამშრომლობა“ თბილისთან.