ჟენევის მოლაპარაკებების მე–18 რაუნდი

წინა რაუნდების მსგავსად, ჟენევაში 14 დეკემბერს გამართული მოლაპარაკებების მე–18 რაუნდის მთავარი თემები კვლავ ძალის გამოუყენებლობა და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები იყო, განაცხადეს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაწყებული მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა.

„ზოგიერთი მონაწილე ახალი წინადადებით მოვიდა დებატებზე თანათავმჯდომარეების იმ შემოთავაზების საპასუხოდ, რომელიც უსაფრთხოების გარდამავალი  რეჟიმისკენ მიმართულ კონკრეტულ ნაბიჯებს ეხებოდა. ამ კონკრეტულ თემაზე საუბარი, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, კვლავ  გაგრძელდება“, – განაცხადეს თანათავმჯდომარეებმა ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან მოლაპარაკებების შემდეგ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ განაცხადა ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, რომ თანათავმჯდომარეების მიერ წინა რაუნდების დროს წარდგენილი გეგმა ეხებოდა იმას, თუ როგორ უნდა იქნას მიღწეული ის, რომ ყველა მონაწილემ ძალის გამოუყენებლობის პირობა დადოს ერთმანეთის მიმართ.      

საქართველომ ამგვარი პირობა შარშან ნოემბერში დადო და მას შემდეგ ანალოგიურ ქმედებას რუსეთისგანაც მოითხოვს. თუმცა მოსკოვი ასეთი პირობის დადებაზე უარს აცხადებს იმ მოტივით, რომ ის კონფლიქტის მხარეს არ წარმოადგენს და სანაცვლოდ სთავაზობს, რომ აშშ–სთან და ევროკავშირთან ერთად გარანტორის როლს შეასრულებს თბილისსა და ცხინვალს და თბილისსა და სოხუმს შორის ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებებში.

„ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო რაუნდებზე რუსეთი შეძლებს ამგვარი პირობის დადებას და იმის დადასტურებას, რომ ის არ აპირებს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. ჩვენ ეს იმისთვის გვჭირდება, რომ წინ წავიწიოთ“, – განაცხადა კაპანაძემ.

მისი თქმით, მოსკოვის მხრიდან ამგვარი დაპირება განსაკუთრებით საჭიროა რუსეთის ოფიციალური პირების „აგრესიული რიტორიკის“ ფონზე; კერძოდ, მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება ახსენა, რომელმაც ნატო საქართველოსთან ახლო ურთიერთობების წინააღმდეგ გააფრთხილა და ასევე რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის განცხადება, რომელმაც საქართველო იმაში დაადანაშაულა, რომ მის ტერიტორიაზე ისლამისტი მებრძოლების მომზადება ხდება.

„ეს აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებებია და ყველამ იცის ეს“, – განაცხადა კაპანაძემ პატრუშევის განცხადებასთან დაკავშირებით. მან იქვე დასძინა, რომ მოსკოვის ასეთი რიტორიკა თბილისისთვის „ძალიან შემაშფოთებელია“.   

გაეროს წარმომადგენელმა ანტი ტურუნენმა განაცხადა მოლაპარაკებების შემდეგ, რომ დისკუსიები „საქმიანი და კონსტრუქციული“ იყო.

„შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ადგილზე ინციდენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა“, – განაცხადა მან.

გიედრიუს ჩეკუოლისმა, მოლაპარაკებების თანათავმჯდომარემ ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნიდან, ლიტვიდან, ხაზი გაუსვა ძალის გამოუყენებლობლის საკითხის და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების მოგვარების მნიშვნელობას.

„ვეცადე კონსტრუქციული ვყოფილიყავი ჩემს პოზიციაში, როდესაც მოვუწოდე ყველა მხარეს გაეორმაგებინათ ძალისხმევა საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების საკითხის მოსაგვარებლად, კერძოდ ეს ეხებოდა ძალის გამოუყენებლობას“, – განაცხადა მან, "ამრიგად, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო მონაწილეებს, რომელთაც ჯერ არ დაუდიათ ძალის გამოუყენებლობის პირობა, რომ ეს მალე გააკეთონ, რათა გაუმჯობესდეს ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება და გაიზარდოს ნდობა“.    

მომავალი წლიდან ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა ირლანდია ხდება. შესაბამისად, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ეუთოდან ირლანდიელი დიპლომატი პოდრიგ მერფი იქნება, რომელიც გიედრიუს ჩეკუოლისს შეცვლის.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებების მომდევნო მე–19 რაუნდი 2012 წლის 28–29 მარტს გაიმართება.    

Exit mobile version